LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული დაპირისპირებები ევროპაში: ვაკო გვილიამ პირველი გოლი გაიტანა

47

ქართველმა ფეხბურთელებმა უცხოურ ლიგებში მორიგი ტურის შეხვედრები გამართეს. ზოგიერთმა წარმატებულად ითამაშა.

ვაკო გვილიამ ახალ გუნდში პირველი გოლი გაიტანა. მისმა „ლუცერნმა” 1:0 მოუგო მეორეადგილოსან “ბაზელს”. ეს ერთადერთი გოლი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა 46-ე წუთზე გაიტანა.

 

კვლავ “გენტის” ძირითადში იყო გიორგი ჩაკვეტაძე, რომლის გუნდმა გასვლაზე “გენკს” 2:1 სძლია. 18 წლის ქართველმა 37-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 62-ე წუთზე კი შეცვალეს.

 

ავსტრიის ბუნდესლიგის 26-ე ტური „ალტახისა“ და „რაპიდის“ მატჩით დაიწყო, თუმცა გოლი არ გასულა. დედაქალაქელთა შორის ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი ქვილითაია, რომელიც 72-ე წუთზე შეცვალეს.

 

ჰოლანდიაში განადგურდა “ვიტესი”. არნემელების მთავარი პრობლემა არასტაბილურობაა, რაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა. მაგალითად, წინა ტურში “ვიტესმა” თვით “აიაქსი” დაამარცხა, ხოლო ამჯერად “უტრეხტთან” 1:5 განადგურდა. სტუმართა შორის შეუცვლელად ითამაშა გურამ კაშიამ.

 

გია გრიგალავა ტულას “არსენალის“ ძირითადში იყო, თუმცა ქართველი მცველი მე-6 წუთზე დაშავდა და შესაცვლელი გახდა. მისმა გუნდმა სტუმრად „ამკარს“ 2:0 მოუგო.

ჯიმი ტაბიძის “უფამ“ შინ გიორგი ლორიას მახაჩყალის “ანჟის“ 3:2 მოუგო. ქართველები ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და შეუცვლელად ითამაშეს.

ქართველები ერთმანეთს უკრაინაშიც დაუპირისპირდნენ: “ვორსკლამ” ჩემპიონატის ლიდერ დონეცკის “შახტართან” შინ 0:3 წააგო. სანდრო კობახიძე მასპინძელთა ძირითადში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ანდრო გიორგაძე მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა. დონეცკელთა შორის კი დავით ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამ მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მცველზე ილაპარაკა: „ხოჭოლავას “რომას” წინააღმდეგ თამაშის შანსი ნამდვილად აქვს. მან შესანიშნავი მატჩი ჩაატარა”.

 

ქართული დუელი შედგა პოლონეთშიც.
გიორგი მერებაშვილის პლოცკის „ვისლამ” ნიკა კაჭარავას „კორონას” უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ქართველები ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და შეუცვლელად ითამაშეს. 68-ე წუთზე მასპინძლები მერებაშვილის წაქცევისთვის პენალტს ითხოვდნენ, თუმცა – უშედეგოდ. 89-ე წუთზე საქართველოს ნაკრების შემტევი მეკარესთან პირისპირ დარჩა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:0.

შჩეცინის „პოგონმა” საშინაო შეხვედრა „კრაკოვიასთან” 0:3 დათმო. მასპინძელთა რიგებში საქართველოს ნაკრების მცველმა ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა.

 

ესპანეთში ლა ლიგა 2-ში ტარაგონას „ხიმნასტიკმა” კი გასვლაზე „გრანადას” 1:0 სძლია. საქართველოს ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე სტუმართა ძირითადში იყო და შეუცვლელად ითამაშა, 83-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.

გიორგი პაპუნაშვილმა კი ლა ლიგა 2-ში გოლი გაიტანა. 30-ე ტურში “სარაგოსამ” შინ ,,ლორკა” 3:1 დაამარცხა. პაპუნაშვილი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, 18-ე წუთზე კი ანაგრიში გახსნა.

 

 

დანიის სუპერლიგაში „ჰობრომ” ქართველების „სილკებორგთან” საშინაო არენაზე მხოლოდ ქულა მოიპოვა 1:1. დავით სხირტლაძემ სტუმართა რიგებში შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ტრავმამორჩენილი მათე ვაწაძე 90-ე წუთზე გამოჩნდა.

 

”გეტებორგში” გიორგი ხარაიშვილმა სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. შვედეთის თასზე “გეტებორგი” სტუმრად “მალმესთან” 0:1 დამარცხდა. ჩვენიანი მოედანზე 79–ე წუთზე გამოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები