LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება

64

რუსეთის ფილმსაცავ  „გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრის, თიბისი ბანკის, ჯი-ემ-თი ჯგუფისა და კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მხარდაჭერით,  საქართველოში, გოსფილმოფონდში დაცული, კიდევ, თერთმეტი ქართული ფილმი დაბრუნდა.

ფილმების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, 18 დეკემბერს გაიმართა.

ქართულ მხარეს 1925-დან 1975  წლამდე პერიოდში გადაღებული თერთმეტი  ქართული ფილმის ასლი გადმოეცა:

  • „ქორწილი“ – რეჟისორი მიხეილ კობახიძე;
  • „ქოლგა“ – რეჟისორი მიხეილ კობახიძე;
  • „მუსიკოსები“ – რეჟისორი მიხეილ კობახიძე;
  • „ფეოლა“- რეჟისორი ბაადურ წულაძე;
  • „შერეკილები“- რეჟისორი ელდარ შენგელაია;
  • „ფრთოსანი მღებავი“- რეჟისორი ლეო ესაკია;
  • „ქაჯეთი“- რეჟისორი კოტე მიქაბერიძე;
  • „ვინ არის დამნაშავე?“ – რეჟისორი ალ. წუწუნავა;
  • „ამოკი“ – რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი;
  • “სამანიშვილის დედინაცვალი” – რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი;
  • “ელისო” – რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია.

კინოკომედია „ფრთოსანი მღებავი“, რომელიც 1936 წლით თარიღდება, ერთადერთი ფილმია, რომელზეც პეტრე ოცხელმა იმუშავა და წელს მხატვრის 110 წლის, ხოლო ფილმის ეკრანებზე გამოსვლიდან 80 წლის იუბილე შეუსრულდა.

კოტე მიქაბერიძის 1936 წელს შექმნილი ფილმი „ქაჯეთი“,  „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი ეპიზოდის ეკრანულ ვერსიას და დღემდე კინოში, აღნიშნული ნაწარმოების ეკრანიზების ერთადერთ მცდელობას წარმოადგენს (ნესტან-დარეჯანის ქაჯთა ციხიდან გამოხსნის ეპიზოდი).

ალ. წუწუნავას ფილმი „ვინ არის დამნაშავე?“ გადაღებულია 1925 წელს და ის ამერიკაში მყოფი გურული მოჯირითეების ისტორიას ასახავს.

კოტე მარჯანიშვილის „ამოკი“, შტეფან ცვაიგის ნაწარმოების ეკრანიზაციას წარმოადგენს და ის 1927 წლით თარიღდება – საქართველოში  მისი არცერთი ასლი არ მოიპოვება.

ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდიდან – „გოსფილმოფონდი“,1921 წლიდან 1991 წლამდე  გადაღებული და  ფონდის არქივში დაცული  ქართული ფილმების სამშობლოში დაბრუნების  პროცესი დაიწყო, ხელი,  2014 წლის 30 სექტემბერს მოეწერა.

პირველ ეტაპზე, 2016 წლის 17 ნოემბერს,  საქართველოში 4 ქართული ფილმი – „ჰოლტზე“ (რეჟისორი ლეო ესაკია), „ამერიკანკა“ (რეჟისორი  ლეო ესაკია), „ბუბა“ (რეჟისორი ნუცა ღოღობერიძე) და ფილმი – „უკანასნელ საათს“ (რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი) დაბრუნდა.

„გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინოარქივის სრულად საქართველოში დაბრუნებას, 7 წელი დასჭირდება. დაბრუნებული ფილმების საწყისი მასალები, ფილმის ნებისმიერ ფორმატში გადაყვანის შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, საქართველოში საერთაშორისო, თანამედროვე სტანდარტის კინოარქივის შექმნა იგეგმება, რომელიც  საშუალებას მოგვცემს, სახელმწიფომ კინომემკვიდრეობის დაცვაზე და შენარჩუნებაზე იზრუნოს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები