LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული წარმოების ღამის თეთრეული ბრიტანეთსა და ესპანეთში აცვიათ

1509

ქართული წარმოების ღამის თეთრეული ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაიგზავნა. ბრიტანეთი, ესპანეთი, უკრაინა- ეს იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, სადაც ”სფუმატოს” თეთრეული აცვიათ.

როგორც ”ფორტუნას” აღნიშნული ბრენდის დამფუძნებელმა, მარიამ პერტიამ განუცხადა, საქართველოს ფარგლებს გარეთ ”სფუმატოს” პროდუქცია საჩუქრების სახით გავიდა.

”ბრენდი არანაკლებ პოპულარულია ადგილობრივ ბაზარზე. ვიდრე ღამის თეთრეულის წარმოებას დავიწყებდით, ქართული ბაზრის კვლევა ჩავატარეთ და დავადგინეთ, თუ რომელი პროდუქცია იწარმოებოდა შედარებით ნაკლებად. აღმოჩნდა, რომ ბაზარზე ადგილობრივი წარმოების თეთრეულის დეფიციტი იყო. ამიტომ, ჩვენი ბიზნესიც სწორედ ამ მიმართულებით განვავითარეთ”, – აღნიშნა მარიამ პერტიამ.

მისივე ინფორმაციით, ბრენდი ”სფუმატო” 2017 წლის იანვარში დაარსდა და ამ დროისთვის ღამის თეთრეულის რამდენიმე სახეობას აწარმოებს, მათ შორისაა: ხალათები, საცვლები, ღამის სათვალეები და სხვა. ბრენდს აქვს საზაფხულო ხაზიც – ზღვის მოსაცმელები და კომბინიზონები.

რაც შეეხება პროდუქციის რეალიზაციას, როგორც ”სფუმატოს” დამფუძნებელი ამბობს, ის სოციალური ქსელის მეშვეობით ხორციელდება.

”შეკვეთებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ მოთხოვნამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ძალიან ხშირად იყენებენ ”სფუმატოს” თეთრეულს საჩუქრებად. ჩვენი თითოეული ნივთი განსაკუთრებულ შეფუთვაში თავსდება”, – განმარტა ”სფუმატოს” დამფუძნებელმა.

მისივე თქმით, ”სფუმატოს” ნაწარმი მაქსიმალურად არის მორგებული ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე ადამიანზე – ფასები 20-დან 150 ლარამდე მერყეობს.

ცნობისთვის, ”სფუმატოს” თეთრეული შეკვეთიდან 5-6 დღეში მზადდება, რეალიზაცია კი სრულიად საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. თეთრეული ჩინეთიდან, დუბაიდან და თურქეთიდან იმპორტირებული ნაჭრებითა და მაქმანებით იკერება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები