LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ბავშვები საპნის წარმოებას იწყებენ

604

ქართველი ბავშვები საპნის წარმოებას იწყებენ. პროდუქტი საცდელი ნიმუშების სახით უკვე დამზადდა კონკურსისთვის „ბრილიანტის გამოწვევა“ , სადაც საპნის პროექტმა გამარჯვება მოიპოვა. როგორც ”ფორტუნას” ამ ბიზნეს-იდეის ავტორმა, პირველი კურსის სტუდენტმა მარიამ ნოზაძემ განუცხადა, აღნიშნული პროექტით ის თავის გუნდთან ერთად ამერიკაში მსოფლო ახალგაზრდა მეწარმეთა კონკურსზე გაემგზავრება.

”საპნის წარმოების პროექტი თავდაპირველად ამ კონკურსისთვის მოვიფიქრე. თუმცა, შემდეგ ამ პროდუქტის წარმოებით იმდენად დავინტერესდი, რეალური ბიზნესის წამოწყებას ვგეგმავ. მით უმეტეს, რომ სხვა ბიზნესებისგან განსხვავებით, საპნის წარმოების დაწყება საკმაოდ იაფი, დაახლოებით 2000 დოლარი ჯდება. ეს თანხა საკმარისია საჭირო ინგრედიენტების, ასევე დანადგარების შესაძენად და 1600 ცალი საპნის დასამზადებლად”, – აღნიშნა ნოზაძემ.

მისივე ინფორმაციით, საპონი ბაზარზე ”ნამდვილი ქართული საპნის” სახელით გამოვა და ის ”დადნობა-ჩასხმის” მეთოდით იწარმოება. რაც შეეხება შემადგენლობას ის დამზადდება საპნის ბაზისგან, შემდეგ კი დაემატება ესენციური ზეთები.

”საპნის ბაზა არის რძისგან, თაფლისგან, ასევე ალოესგან დამზადებული. ეს ის ძირითადი ნედლრულია, რომლითაც საპონი მზადდება. დატენიანების ფუნქციის შესაძენად კი ჩვენ მას ზეთებსა და სხვა ინგრედიენტებს ვუმატებთ”, – განაცხადა ბიზნეს-იდეის ავტორმა.

როგორც მარიამ ნოზაძემ განმარტა, აღნიშნულ პროექტზე 3 ახალგაზრდასთან ერთად მუშაობს, რომლებიც სკოლის მოსწავლეები არიან: ლევან ჯალიაშვილი, ლანა ელბაქიძე და ნია კერელაშვილი.

”ეს ის ადამიანები არიან, რომლებთან ერთადაც საპნის შექმნაზე ვმუშაობ და სწორედ მათთან ერთად გავიმარჯვე „ბრილიანტის გამოწვევის” საქართველოს ბოლო ტურში. აღნიშნულ კონკურსში მოპოვებული დაფინანსებით ამერიკაში გამგზავრებას მხოლოდ 2 ადამიანი ვახერხებთ. ამიტომ, ვეძებ ფინანსურ რესურს, რათა ახალგაზრდა მეწარმეთა კონკურსზე ჩვენი გუნდი სრული შემადგენლობით წარსდგეს”, – განმარტა მარიამ ნოზაძემ.

ცნობისთვის, „ბრილიანტის გამოწვევა“ სასწავლო ინიციატივაა, რომლის მიზანია უფროსკლასელ მოსწავლეებში სამეწარმეო უნარების გამომუშავება და განვითარება. საქართველოში გამოვლენილი გამარჯვებული გუნდი, 1 უფროსთან ერთად აპრილში გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში 10 ქვეყნის ახალგაზრდულ გუნდებთან შესაჯიბრებლად. აქედან დაბრუნების შემდეგ კი, მარიამ ნოზაძე საკუთარი იდეის რეალურ ბიზნესად ქცევას აპირებს. წინასწარი გეგმებით, საპონს ადგილობრივი ნივთების ფორმა ექნება. მაგალითად, ქართული გეოგრაფიული რუკის, სვანური ქუდის და ა.შ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები