LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი დიზაინერი, რომელიც შავ ფერს საერთოდ არ იყენებს – პიჟამოებმა ყოველდღიურ ჩაცმულობაში გადაინაცვლა

68

დიანა ქვარიანი ერთ-ერთი საინტერესო ქართველი დიზაინერია. ახლახან მან ახალი კოლექცია შექმნა, 2017 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია ისეთი ფერადია, როგორსაც ბევრი ქართველი დიზაინერის ნამუშევრებში ვერ ხვდებით. ზოგადად, დიანას ხელწერაა ასეთი. შავს ძალიან იშვიათად იყენებს. არა იმიტომ, რომ არ უყვარს, უბრალოდ, ფიქრობს, რომ ქალს სიჭრელე უხდება, მათ შორის, ზამთარშიც.

დიანას ახალ კოლექციაზე სასაუბროდ დავუკავშირდით. მან ამ სეზონისთვის რჩევებიც მოგვცა, რომელსაც ჩვენს მკითხველს გავუზიარებთ.

დიანა ქვარიანი:

წელიწადში ორ, სეზონურ კოლექციას ყოველთვის ვაკეთებ. 2017 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციას „მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე“ წარვადგენ, ჩვენება 8 მაისს გაიმართება.

ძალიან ჭრელი კოლექცია გაქვთ, ისეთი, ქართველი დიზაინერებისგან რომ არ ვართ მიჩვეულები.

(იღიმის) ზოგადად, ჩემი მომხმარებელი არ არის მიჩვეული ჩემგან მუქ ფერებს. შავს საერთოდ არ ვხმარობ, ძალიან იშვიათ შემთხვევაში. იმიტომ არა, რომ არ მიყვარს, უბრალოდ, სიჭრელეს უფრო კარგად ვხედავ და ვიყენებ ჩემს მიერ შექმნილ სამოსში. ჭრელ ფერებში ქალი უფრო მეტად მომწონს, ნებისმიერ სეზონზე, თუნდაც ზამთარსა და შემოდგომაზე. მირჩევნია, როცა ქალი არ არის ჩაცმული შავებში (იღიმის).

მართალი გითხრათ, ტენდენციებს კი ვეცნობი, მაგრამ დიდად არ მივყვები, თუმცა ასე გამოვიდა, რომ ახალი კოლექცია საკმაოდ ტენდენციურია. ამ ბოლო დროს ჩვეულებრივ, ყოველდღიურ სამოსში გადაინაცვლა ისეთმა ჩასაცმელმა, რომელსაც ადრე დასაძინებლად ვიყენებდით, პიჟამოებს ვგულისხმობ. ეს მიმართულება მეც ძალიან მომწონს. ჩემი ქალი არის რა თქმა უნდა, მოდური, მაგრამ ბევრს მოგზაურობს და აქვს თავისუფალი სტილი, ე.წ. სთრითსტაილს ანიჭებს უპირატესობას. კოლექციაში ბევრია ასეთი შეხამება, პიჟამოს ტიპის ზედა-ქვედა, ზემოდან პალტო და მაღალ ან დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი. კოლექციის შექმნისას ჩემი მიზანი გახლდათ, შემექმნა სამოსი, რომელშიც ქალი ისე გამოიყურება, როგორც სახლიდან შემთხვევით გამოსული, მაგრამ ეს სამოსი მაინც მორგებულია ყოველდღიურობაზე.


ქსოვილებზე რას გვეტყვით?

ქსოვილებიც ამ სტილის შესაბამისია, რა თქმა უნდა, აბრეშუმი, ასევე ცოტა ხავერდი და ფარჩა. მინდა აღვნიშნო, რომ მე მხოლოდ საფრანგეთიდან ჩამოტანილი ქსოვილებით ვმუშაობ.

აქედან გამომდინარე, ქართველი მომხმარებლისთვის რამდენად ხელმისაწვდომია თქვენი კოლექცია?

მე, პირველ რიგში, ქართველი დიზაინერი ვარ. მაქვს მაღაზიები თბილისსა და ბათუმში და ჩემი მიზანია, რომ ჩემი ნამუშევრები ხელმისაწვდომი იყოს ქართველი მომხამრებლისთვის. ვერ გეტყვით, რომ იაფია, მაგრამ არც ძვირია. საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასებია. ვამაყობ, რომ აწლების განმავლობაში ბევრი ქართველი მომხმარებელი შევიძინე.

რას გვირჩევთ, რა მოვირგოთ ამ წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე?

ზემოთაც აღვნიშნე, რომ ტენდენციებს ნაკლებად მივყვები, ამიტომ ჩემს აზრს გეტყვით. ზაფხული ამისთვისაა, რომ ჭრელი ფერები მოირგოთ. ბუნებასთან ერთად მოდაც იღვიძებს. მინდა, ქალბატონებს მოვუწოდო, მეტი სიჭრელე გამოიყენონ. არ არის აუცილებელი, წითელ ჩანთას მაინცდამაინც წითელი ფეხსაცმელი შეუხამოთ. მაქსიმალურად ბევრი ფერი შეაზავეთ. სისადავე და კლასიკა მე არ მომწონს, უკვე ძალიან მომაბეზრებელია. ყველანაირი სტილის მიქსი – ეს არის სიახლე და საინტერესო. მაგალითად, შეგიძლიათ შეახამოთ ოვერსაიზ ზედა, ბოიფრენდის ჯინსი და მაღალქუსლიანი ფერადი ფეხსაცმელი (იღიმის).

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები