LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი დრამატურგების ნამუშევრები ნიუ-იორკის სცენაზე

77

ქართველ რეჟისორს, ირინა გაჩეჩილაძეს ქართულ-ამერიკული თეატრალური ფესტივალის Red Lab Production დაფუძნების იდეა ორი წლის წინ გაუჩნდა. პროექტზე მუშაობას გარკვეული პერიოდი დასჭირდა.

2017 წლის ივლისსა და აგვისტოში ნიუ-იორკის სცენაზე მაყურებელი ქართველი დრამატურგების პიესებს ნახავს, მათგან ნაწილი უკვე დადგმულია. მაგალითად, ლაშა ბუღაძის „სიყვარულის ნავიგატორი“, რომელიც რეჟისორმა ადამ ნაითმა დადგა. მას რამდენიმე ამერიკული ონლაინგამოცემა პოზიტიურად გამოეხმაურა და საკუთარ გვერდებზე ვრცელი მიმოხილვა შესთავაზა მკითხველს, მანამდე კი სპექტაკლის შესახებ ანონსიც გაავრცელა. ლაშა ბუღაძის მეორე ნაწარმოები, „პუტინის დედა“ მაყურებელს მონოსპექტაკლის სახით, სპეციალური პროგრამის ფარგლებში უჩვენეს. მაყურებელმა ასევე იხილა თამარ ბართაიას „სათამაშო იარაღის“ პრემიერა.

9 ქართველ დრამატურგს შორის, რომლებიც ზემოხსენებულ თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობენ, არიან დათა თავაძე („დედა ომი“), რეზო კლდიაშვილი („პილონი“), ნესტან კვინიკაძე („მეგობრები“), გურამ ბათიაშვილი („არწივის ფრთებზე“), ბასა ჯანიკაშვილი („დიქტატურა“), დათო ტურაშვილი („რკინის ფარდა“), ნინო ხარატიშვილი („ლივ შტაინი“).

ირინა გაჩეჩილაძემ ნიუ-იორკის თეატრალურ წრეებში სახელი 2017 წლის აპრილში რუსი ნოველისტისა და პოლიტიკური დისიდენტის, ბორის აკუნინის თანამედროვე „ჰამლეტის“ ბროდვეის თეატრში დადგმით გაითქვა. სპექტაკლი გია ყანჩელის ორიგინალური მუსიკალური ნაწარმოებებით გაფორმდა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი დრამატურგების მონაწილეობით ფესტივალს თავად ბორის აკუნინიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რეჟისორმა, რომელმაც მისი „ჰამლეტი“ დადგა, ახალი პროგრამა მოამზადა, რომელიც ნიუ-იორკში მცხოვრებთათვის საინტერესო იქნებოდა.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები