LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მუსიკოსები ნიუ იორკის საერთაშორისო JAZZ კონკურსის ფავორიტები არიან

98

ვაჟა მანია (ვოკალი), პაპუნა შარიქაძე (ფორტეპიანო), გიორგი კაპანაძე (დასარტყამი ინსტრუმენტი) და გიორგი კიკნაძე (კონტრაბასი) პირველი ქართველი მუსიკოსები არიან, რომლებიც საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში MADE IN NEW YORK JAZZ COMPETITION იღებენ მონაწილეობას.

კონკურსისთვის კომპოზიცია Duke Ellington’s Sound Of Love შეირჩა, რომელიც „BRAVO RECORDS“-ის მხარდაჭერით ჩაიწერა. ლაივ ჩანაწერის ვიდეო კი MADE IN NEW YORK JAZZ COMPETITION-ის ვებ გვერდზე აგვისტოს ბოლოს აიტვირთა.

ყოველწლიურად ჟიურისა და მაყურებლების ხმების დაჯამების შედეგად ვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც ფულადი ჯილდოს გარდა შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ პრესტიჟულ ჯაზ გალა კონცერტში, რომელიც ნიუ იორკში მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსების მონაწილეობით იმართება. ხმის მიცემა 20 ნოემბერს შეწყდება, ამ ეტაპზე კი ხმების რაოდენობით ვაჟა მანიას ბენდი ფავორიტ კონკურსანტებს შორის არის.

კონკურსის მთავარი ღირებულება მისი ჟიურია, რომელიც ძირითადად გრემის მფლობელი მუსიკოსებისგან კომპლექტდება. წელსაც ჟიურის წევრები LENNY WHITE, RANDY BRECKER და MIKE STERN ყველაზე პრესტიული მუსიკალური ჯილდოს – “გრემის” მფლობელი და მრავალგზის ნომინანტები არიან.

MADE IN NEW YORK JAZZ COMPETITION ჯერ მხოლოდ 3 წელია, რაც მსოფლიო მუსიკალურ პლატფორმაზე გამოჩნდა და მის ანგარიშზე უკვე 2 მილიონი ატვირთული ვიდეო, 30 000 დარეგისტრირებული ჯაზ მუსიკოსი და კონკურსის ათეულობით მონაწილეა მსოფლიოს 47 ქვეყნიდან.

წელს პირველად ფესტივალის რუკაზე საქართველოც მოინიშნა. ვიდეოს ატვირთვა ჯაზით დაინტერესებულ ნებისმიერ მსურველს შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ MADE IN NEW YORK JAZZ COMPETITION-ს ცნობილი ქართველი ჯაზ შემსრულებელი მაია ბარათაშვილიც შეუერთდა მუსიკალური კომპოზიციით Too Close For Comfort.

ხმის მიცემის დასრულებისა და გამარჯვებულების გამოვლენის შემდეგ ნიუ იორკი 20 მაისს ტრადიციულად უმასპინძლებს გალა კონცერტს. წელს კონკურსმა ახალი ლოკაციები დააანონსა. ეს იმას ნიშნავს, რომ ნიუ იორკის შემდეგ გალა კონცერტი Made In New York Jazz Festival-ის სახელით დაიწყებს სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობას. შესაძლოა კონკურსის მორიგი ლოკაცია საქართველო გახდეს და გალა კონცერტი თბილისშიც ჩატარდეს. საამისოდ უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები