LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისი-ბუდაპეშტი: პრაქტიკული რჩევები WizzAir-ის რეისების მგზავრებს #ფორტუნაგიდი

ფერენც ლისტის სახელობის უნგრეთის საერთაშორისო აეროპორტი (მანამდე ფერიჰედის აეროპორტი) ბუდაპეშტიდან 16 კილომეტრშია და ქვეყნის უმსხვილესი აეროპორტია. ლისტის სახელი აეროპორტს 2011 წელს უწოდეს, დიდი კომპოზიტორის 200 წლის იუბილის საპატივსაცემოდ (Liszt Ferenc Nemzetközi Repülőtér).

აქ ორი ტერმინალია: 2А-დან შენგენის ქვეყნებში დაფრინავენ, ხოლო 2В ტერმინალიდან – ყველა დანარჩენ ქვეყანაში. ტერმინალი 1 ლოუკოსტერებს ემსახურებოდა, 2012-ში დაკეტეს და ყველა რეისი 2A და 2B-ში გადაიტანეს.

 

როგორ მივიდეთ აეროპორტიდან ბუდაპეშტში ავტობუსით (+ მეტრო)

ქალაქის ცენტრში ავტობუსით მისვლა არც მაინც და მაინც რთულია, მაგრამ არც მთლად კომფორტული: დილის 3:30 სთ-დან 22:59 სთ-მდე ყოველ 7-8 წუთში ავტობუსი 200Е ტერმინალ 2-დან მეტროსადგურ Kőbánya-Kispest-მდე (კებანია-კიშპეშტი, ხაზი М3) დადის და თან რკინიგზის სადგურ Ferihegy-ის გაივლის. ხსენებული მეტროსადგურიდან უშუალოდ ქალაქის ცენტრამდე მიხვალთ – Deák Ferenc ter (ფერენც დეაკის მოედანი). ბილეთის ღირებულება – 350 HUF (უნგრული ფორინტი). ანუ გადაჯდომა გიწევთ.

 

ავტობუსის გაჩერების მოძებნა რთული არ არის: ჩამოფრენის ტერმინალიდან გახვალთ გარეთ, მარცხნივ მიბრუნდებით და დაინახავთ ავტობუსებს 200Е და 100Е (ამაზე ქვემოთ).

 

ბევრი რამ არის დამოკიდებული სად მიდიხართ. უშუალოდ ეს კებანია-კიშპეშტი ცენტრიდან საკმაოდ მოშორებითაა, სწორედ ამიტომ გიწევთ მეტროში გადაჯდომა და საჭირო ლოკაციამდე ამ გზით მისვლა.

ბილეთის შეძენისას ესეც შეგიძლიათ გაითვალისწინოთ. თუ ავტობუსი+მეტრო ვარიანტს ირჩევთ, აზრი აქვს იყიდოთ ერთჯერადი ბილეთი გადაჯდომით (transfer ticket), რაც საშუალებას იძლევა ორი სახის ტრანსპორტით იმგზავროთ (მეტრო+ავტობუსი). ასეთი ბილეთი 530 ფორინტი ღირს.
თუ ბუდაპეშტში დიდხანს რჩებით და იცით, რომ მოგიწევთ ტრანსპორტით სარგებლობა შეგიძლიათ შეიძინოთ 24 საათიანი,  72 საათიანი ან 7 დღიანი სამგზავრო.

 

 

 

ქუთაისიდან “ვიზიარის” თვითმფრინავი 06:35 საათზე მიფრინავს და ადგილზე, ბუდაპეშტის დროით, 06:50 საათზე ჩადის.

ბუდაპეშტიდან კი 23:50 საათზე მოფრინავს და საქართველოში გამთენიისას ჩამოდის.

შესაბამისად, გამოდის, რომ ქუთაისიდან გაფრენილ მგზავრებს ბუდაპეშტში ღამის რეისები სჭირდებათ.

 

 

როგორ მივიდეთ აეროპორტიდან ბუდაპეშტში ღამით

23:00 სთ-დან 00:21-მდე ტერმინალ 2-დან დადის ავტობუსი 200Е, შემდეგ უნდა გადაჯდეთ მეტრო Határ út-ზე ავტობუსზე 914, 914А, 950 ან 950А (5-10 წუთში დადიან), რათა ქალაქის ცენტრამდე მიხვიდეთ. ავტობუსი 200Е გადის 23:21, 23:36, 23:51 და 00:21.

 

ასევე ტერმინალ 2-დან დადის ავტობუსი №900 – 00:22-დან 03:29-მდე. გასვლის დროებია: 00:59, 1:29, 2:29, 03:29. მეტროსადგურ Bajcsy-Zsilinszky út უნდა გადაჯდეთ ავტობუსზე 950 ან 950 А, რომლებიც ყოველ ნახევარ საათში დადიან (1:17-დან 3:47-მდე).

 

ავტობუსის ბილეთების შეძენა აეროპორტში შესაძლებელია საინფორმაციო დაფებთან BKK. ღირებულება 350 ფორინტია. გარდა ამისა, ბილეთები იყიდება ფოსტის და საგაზეთო ჯიხურებში, ასევე ავტობუსის გაჩერებებზე ავტომატებში. მძღოლთან ბილეთი როგორც წესი უფრო ძვირია – 450 ფორინტი.

 

 

რჩევა: ბუდაპეშტში თითქმის ყველაფერში უნგრული ფულის ერთეული დაგჭირდებათ, მით უმეტეს წვრილმანებზე. ამიტომ გირჩევთ ფორინტი თბილისში შეიძინოთ და ისე გაემგზავროთ. ფორინტის ყიდვა „საქართველოს ბანკსა“ და „თიბისი ბანკში“ შეიძლება, აქაც გირჩევთ წინასწარ დაიკავოთ თადარიგი, რადგან ხშირ შემთხვევაში შეკვეთაა საჭირო, ადგილზე სასურველი ოდენობის თანხა შესაძლოა არ იყოს. ბუდაპეშტში კი გადახურდავებისას საკომისიოს იტოვებენ და ესეც უნდა გაითვალისწინოთ. აი აეროპორტში კი არ გირჩევთ ფულის დახურდავებას, „ცუდი კურსია“. ამიტომ ელემენტარული სახარჯო თანხა ჯობს ისევ აქედან წაიღოთ. ყველაფერს რომ თავი დავანებთ, თუ აეროპორტიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრებთ (მეტრო, ავტობუსი), აქ უბრალოდ სხვა გზა არ გაქვთ, ფორინტები გჭირდებათ.

 

 

HUF    100 უნგრული ფორინტი   1.0317 ლარი

 

როგორ მივიდეთ აეროპორტიდან ბუდაპეშტში მატარებლით

აეროპორტიდან მატარებლით წასვლაც არ არის ძალიან რთული. რკინიგზის სადგური ტერმინალთან ახლოს მდებარეობს, საიდანაც მატარებელი სადგურ ნიუგატიმდე (Nyugati, დასავლეთ სადგური) მიგიყვანთ. არჩევანი დიდია – დღეში დაახლოებით 100 მატარებელი დადის, InterCity-ის ჩათვლით. დღისით ტერმინალ 2-დან Ferihegy-ის სადგურამდე 200Е ავტობუსით შეიძლება მისვლა, ღამით – №900.

მატარებელი დადის დილის 4 საათიდან ღამის 11 საათამდე. ბილეთის ღირებულება დაახლოებით 370 ფორინტია. ბილეთს საგაზეთო ჯიხურშიც იყიდით, ავტომატების საშუალებით და ბოლოს კონდუქტორთანაც.

ისე, მატარებლის ვარიანტი დიდად ხელსაყრელად არ მიიჩნევა.

 

 

აეროპორტიდან ბუდაპეშტში შატლით

კიდევ ერთი საშუალება – აეროპორტიდან შატლი თქვენს სასტუმრომდე მიგიყვანთ.
შატლი კომფორტულია და უფასო Wi-Fi-იც აქვს. AirportShuttle-Minibus ყველა ტერმინალშია. მინიბასები ტერმინალების მთავარი შესასვლელიდან გადიან. მგზავრობის ფასი დამოკიდებულია მგზავრების რაოდენობასა და მანძილზე. ისე დაახლოებით 3200 ფორინტი მაინც არის.

არც ისე დიდი ხნის წინ, გასულ ზაფხულს დანიშნეს შატლ-ბასი. ეს არის ზემოთ რომ ვახსენეთ ავტობუსი 100Е. მიდის ცენტრამდე (Deák Ferenc tér), ღირს 900 ფორინტი. ეს უფრო ძვირია, ვიდრე 200Е+მეტრო, მაგრამ უფრო სწრაფიცაა და მოსახერხებელი. ბილეთს ავტომატით იყიდით (სხვათა შორის, მენიუ რუსული ენაზეცაა). მარშრუტზე 4 გაჩერებაა, გზას 45-60 წუთი დასჭირდება.

 

ტაქსი

აეროპორტიდან ბუდაპეშტში მისვლა ბუნებრივია ტაქსითაც შეიძლება – ეს ყველაზე ძვირი და მოსახერხებელი ვარიანტია. ტაქსს პირდაპირ აეროპორტში აიყვანთ (Főtaxi) ან წინასწარ შეუკვეთავთ. შეკვეთის შემთხვევაში მძღოლი ჩამოფრენის დარბაზთან დაგელოდებათ. ტარიფები ფიქსირებულია – 280 ფორინტი კილომეტრზე. ცენტრამდე მისვლა დაახლოებით 25-30 ევრო დაგიჯდებათ.

 

ავტომობილის იჯარა

თქმა რად უნდა, აეროპორტში ავტომობილის იჯარაც შეიძლება. წარმოდგენილი არიან კომპანიები Hertz, AVIS, Europcar და ა.შ.

 

ბუდაპეშტი – შეეხე მშვენიერებას

 

ბუდაპეშტი დიდებულია, შემთხვევითი არ არის, რომ მისი ისტორიული ნაწილი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ქალაქის მთელი სილამაზე რომ დაინახოთ, ამას კვირები დასჭირდება, მაგრამ თუ სულ რამდენიმე დღე გაქვთ, მთავარს მაინც ნახავთ.

მცირე რჩევა მათ, ვისაც ბუდაპეშტისთვის მხოლოდ ერთი დღე აქვთ და შემდეგ ვთქვათ პრაღაში მიდიან.

რა ვნახოთ ბუდაპეშტში ერთ დღეში.

 

სეჩენის აბანოები. ეს ქალაქის ნამდვილი სიამაყეა და უდიდესი თერმული აბანო მთელ ევროპაში. აქვს 11 სამკურნალო აუზი და 3 საუნა. ბუდაპეშტი ერთადერთია მსოფლიოში, სადაც მიწიდან 80-ზე მეტი სამკურნალო წყარო ხეთქავს. ამის უნახაობა არ იქნება.

შემდეგ პარკის გავლით მიხვალთ (იქვე ახლოსაა) ვაიდაჰუნიადის ციხესიმაგრემდე. მართალია ლამაზია, მაგრამ მას არც მტერი შესევია და იქ არც არავის უცხოვრია, თან არც ძველია – სულ რაღაც საუკუნისაა.

ციხესიმაგრის სიახლოვეს, ეზოში ზამთარში მოწყობილია საციგურაო მოედანი, სადაც სიამოვნების მიღება ყველას შეუძლია. დამწყებ მოყვარულებს მწვრთნელები ემსახურებათ.

აქედან გადადიხართ (პრინციპში უკვე იქ ხართ) გმირთა მოედანზე. აქ ბევრი მონუმენტია, ორი მუზეუმი და აქედან რამდენიმე მარშრუტი იშლება. ერთი მხარე ვაროშლიგეტის პარკს უერთდება (აბანოებთან რომელიც გადის).

 

გმირთა მოედნიდან სათავეს იღებს ანდრაშის გამზირი. ამ პროსპექტს (2.5 კმ-ია) ბუდაპეშტის ელისეის მინდვრებს უწოდებენ. ეს პომპეზური ქუჩა უნგრეთის ათასწლოვანი იუბილისთვის გააკეთეს, ХІХ საუკუნის ბოლოს.

 

შემდეგი პუნქტი: ციხესიმაგრის მთა. აქ არის ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა: სამეფო სასახლე, წმინდა მატიაშის ტაძარი და მეთევზეთა ბასტიონი. ეს უკვე ბუდას მხარეა და პეშტი უკვე გავლილია (მოგეხსენებათ, ბუდაპეშტი შედგება ორი ნაწილისგან: დუნაის ერთ მხარეს არის ძველი ქალაქი ბუდა, მეორე მხარეს თანამედროვე პეშტი).


მოკლედ, აქ პატარა, ლამაზ, მოკირწყლულ ქუჩებში ბევრს ისეირნებთ, ნახავთ ათასგვარ სუვენირებს და დატკბებით შესანიშნავი ხედებით.
მათ შორის იშლება ბრწყინვალე ხედი პარლამენტის დიდებულ შენობაზე, რომელიც ევროპაში უდიდესია.

ბუდადან დაეშვებით, გადახვალთ ჯაჭვის ხიდზე, უფრო ახლოს ნახავთ პარლამენტს და მიხვდებით, რომ ამ ქალაქში კიდევ ბევრი დაგრჩათ სანახავ-შესაგრძნობი და დაბრუნებას დაგეგმავთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები