LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა დარჩა აფხაზეთში ქართული: „დამოუკიდებელი“ ცხოვრება ოკუპანტებთან (ექსკლუზივი)

165

გერმანელმა ფოტოგრაფმა არნე პიეპკემ აფხაზეთში ორ კვირაზე მეტი დაყო. ამ დროის დიდი ნაწილი მან სოხუმში გაატარა, თუმცა ახლო-მახლოს მდებარე სოფლების მონახულებაც მოასწრო. ფოტოგრაფისთვის აფხაზეთი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა:

„მთლიანობაში რომ შევაფასო, აფხაზეთი ძალიან ლამაზი რეგიონია. თუმცა, მიტოვებული შენობები საკმაოდ მძიმე სურათს ქმნის. ეს კონტრასტი განსაკუთრებით სოხუმში იგრძნობა – როცა სანაპირო ზოლი მოწესრიგებულია, ქალაქის დიდი ნაწილი კი მიტოვებულად გამოიყურება. სოხუმს ომის კვალი დღემდე ეტყობა და სადაც არ უნდა წახვიდეთ ამას აუცილებლად იგრძნობთ. ყველაზე მეტად რამაც გამაკვირვა, ეს რუსეთის გავლენა იყო. რუსეთი რეგიონს ფინასურად ეხმარება და როგორც მოსახლეობის ნაწილმა აღიარა, მათ სხვა გზა უბრალოდ არ აქვთ. თუკი ფულს რუსეთისგან არ აიღებენ, უბრალოდ ვერ იარსებებენ. აფხაზებს დამოუკიდებლობა სურთ და ბევრი მათგანი დამოუკიდებლობით ძალიან ამაყობს კიდეც. განსაკუთრებით ის ახალგაზრდობა, რომელსაც ომი არ გამოუცდია.“


სოხუმი

გარკვეული ქუჩები საკმაოდ თანამედროვეა, თუმცა ქალაქის დიდი ნაწილი მიტოვებულია, განსაკუთრებით მძიმედ გამოიყურება ზღვასთან ახლოს მდებარე ტერიტორია.
თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ, თუმცა ყველა ადამიანი მეკითხება თუ რა მინდა აქ, ფოტოებს რომ ვიღებ თითქოს ესეც არ მოსწონთ. თუმცა, აქაურები ძალიან სტუმართმოყვარეები არიან და სიამოვნებით მეხმარებიან. ბუნებრივია, ზოგიერთ მათგანს პოლიტიკასთან დაკავშირებით პრორუსული აზრები აქვს, რაც არცაა გასაკვირი, რადგან მათთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ რუსული მედიაა.

რაც შეეხება საქართველოს, ბევრი ადამიანი საზღვარს პროდუქტისა თუ სხვა ნივთების შესაძენად კვეთს, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც საკმაოდ რადიკალურადაა განწყობილი და ვერც კი წარმოუდგენია, რომ ქართველებით გარშემორტყმულ გარემოში აღმოჩნდეს.
სოხუმში ჩემთვის ყველაფერი ძალიან იაფია, თუმცა ეს გერმანიასთან შედარებით. ხოლო, თუკი საქართველოს ფასებს შევადარებ, მაშინ პირიქით, ცოტა ძვირიც გამოდის.


მძღოლები
– ეს ცალკე თემაა. მეგონა თბილისის მერე აღარაფერი გამიკვირდებოდა, თუმცა აქაური მძღოლები კიდევ უფრო „გიჟები“ არიან. თან რაც ყველაზე მეტად მაოცებს, საგზაო წესების დარღვევა ძალიან ნორმალურად აღიქმება, არც არავის უკვირს, არც არავინ აკეთებს რამეს. ზოგადად ქუჩებში გადატვირთული მოძრაობა არ არის და შეიძლება სიჩქარის გადაჭარბების ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყოს. პოლიციასაც იმდენი ძალა არ უნდა ქონდეს, რომ ეს ყველაფერი გააკონტროლოს. თუმცა, ეს ჩემი აზრია.

სოხუმში ძირითადად ავტომობილების თანამედროვე მოდელები მოძრაობენ, უფრო მეტიც, იმაზე ბევრად ძვირადღირებულები, ვიდრე თბილისში. თუმცა, ე.წ. „მარშუტკები“ ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან.

ქალაქის ზოგიერთ უბანში ლამპიონები არ მუშაობენ და ზოგადად შუქიც ძალიან ხშირად ქვრება.

მოსახლეობის დიდი ნაწილი შემოსავალს ტურიზმით იღებს. თითქმის ყველა სახლში ჰოსტელია გახსნილი. თუმცა, ტურიზმი მხოლოდ ზაფხულშია შემოსავლიანი და ზამთრის პერიოდი სეზონზე აღებული ფულით გადააქვთ. დამსვენებელთა უმრავლესობა რუსები არიან და ზოგადად ტურისტულ ინფრასტრუქტურას თუ გადავხედავთ, რამდენიმე ლამაზი რესტორანი და კაფე შევამჩნიე.

ახალგაზრდების უმრავლესობას რუსული პასპორტები აქვთ და ბევრი მათგანი სასწავლებლად რუსეთშიც მიდის. არიან ისეთებიც, ვინც თბილისში სწავლაზეც არ იტყოდა უარს, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო (რაზე საუბარიც მათ არ სურთ) თავს იკავებენ.

ზოგადად აფხაზეთში რაც ვნახე, რუსეთის სიახლოვეს მდებარე ქალაქები უფრო განვითარებულია, საქართველოსთან მდებარეები კი – უფრო მიტოვებული. ცხოვრების დონე საქართველოსა და აფხაზეთს შორის რადიკალურად განსხვავებული არ არის და აფხაზებს პოლიტიკაზე საუბარი არ უყვართ.

გამაკვირვა იმანაც, რომ ისინი ძალიან კონსერვატიულები არიან, განსაკუთრებით ქალბატონების მიმართ. არ მოსწონთ ქალი საჭესთან ან სიგარეტით ხელში.

მოკლედ რომ შევაჯამო, აფხაზეთი ჩემთვის – ეს არის ძალიან სტუმართმოყვარე ხალხი, რთული წარსული და გაურკვეველი აწმყო. მე მათ ნამდვილად ვერ განვსჯი, რადგან ეს არის ძალიან რთული სიტუაცია, რომელშიც ბოლომდე ჯერ ვერ გავერკვიე. დარწმუნებული ვარ, აფხაზეთი კიდევ ძალიან ბევრ საინტერესო ისტორიას ინახავს და ერთი სული მაქვს მათი გარკვევაც დავიწყო. ჩემი მოგზაურობა, პროექტის პირველი ნაწილი იყო და აფხაზეთს მომავალშიც არაერთხელ დავუბრუნდები.


ავტორის ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები