LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა კავშირი აქვს აღდგომის სიმბოლოებს ეკლესიასთან – სასულიერო პირის განმარტება

2380

წითელი კვერცხი,  პასკა და ჯეჯილი –  სამეული,  რომლის გარეშეც სააღდგომო სუფრა წარმოუდგენელია, საეკლესიო წესებთან ერთად, ხალხურ ჩვეულებებსაც აერთიანებს. რა კავშირი აქვს აღდგომის სიმბოლოებს ეკლესიასთან და საიდან იღებს სათავეს მათი მომზადება, „ფორტუნასთან“ მღვდელი ლევან ზაკალაშვილი განმარტავს.

წითელი კვერცხი – გადმოცემის მიხედვით, მარიამ მაგდალინელმა იმპერატორ ტიბერიუსს კვერცხი მიართვა და ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა ახარა. ტიბერიუსმა არ ირწმუნა და უპასუხა, კვერცხის გაწითლებას უფრო დავიჯერებ, ვიდრე მიცვალებულის აღდგომასო.  გადმოცემის მიხედვით, კვერცხი გაწითლდა.

გადმოცემა მარიამ მაგდალინელის შესახებ არცერთი წერილობითი წყაროს მეშვეობით არ არის შემონახული,  მაგრამ ეკლესია არ ემიჯნება და არ ეწინააღმდეგემა ამას, რადგან სფეროს ფორმის კვერცხი, ერთი მხრივ, დედამიწასთან ასოცირდება, ამავდროულად ახალი სიცოცხლის  სიმბოლოც არის, რომელიც ქრისტეს აღდგომის შემდეგ დაიწყო ადამიანმა და თავიდან მიეცა უფლება, შესულიყო სამოთხეში.  სააღდგომო კვერცხი აუცილებლად წითელი ფერის უნდა იყოს, რადგან ქრისტეს სისხლით გამოსყიდულნი ვართ,“ – განმარტავს მამა ლევანი .

 

 

 

პასკა   – პასკის გამცხობის ტრადიცია ძველი აღთქმიდან მოდის.  ძველ აღთქმის მიხედვით, ებრაელები პასექის აღნიშვნისას უფუარ პურს აცხობდნენ. ახალი აღთქმით, უსაფუარი პური საფუვრიანით ჩანაცვლდა და საბოლოოდ პასკის ფორმა მიიღო, რადგან პასკის ფორმა გოლგოთას მთას განსახიერებს (მთა, სადაც მაცხოვარი აცვეს ჯვარს).

სააღდგომო პასკის ტორტივით მორთვა-მოკაზმვა მართებული არ არის. სჯობს, შევინარჩუნოთ არსი,  ვიდრე სილამაზის შეჯიბრზე გადავერთოთ,“ – ამბობს მამა ლევანი.

 

 

 

ჯეჯილი – თავისი არსით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ქრისტიანებისთვის ცოდვების მიტევების და ახალი სიცოცხლის დაწყების სიმბოლოა. მწვანე ჯეჯილიც სააღდგომო სუფრაზე ახალ სიცოცხლეს აღნიშნავს.  ახლადამოსულ პურის მარცვლებს  მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა გააჩნია და აღდგომის დღესასწაულზე აუცილებლობას არ წარმოადგენს.

 

 

 

კვერცხი,  პასკა,  ჯეჯილი მხოლოდ სიმბოლოებია.  აღდგომის დღესასწაულის მთავარი არსი მარხვა,  ზიარება და ქრისტეს აღდგომით მოგვრილი სიხარულის შეგრძნებაა. როცა ადამიანები ამ ყველაფერს არ აკეთებენ და აკლდებიან, სიხარულის სხვა გზით მიღებას ცდილობენ – აკეთებენ იმას, რაც მარტივია , მეათეხარისხოვან საკითხზე გადადის ყურადღება,  კვერცხის მოხატვაზე,  პასკის მორთვაზე. გახსოვდეთ,  რომ ეს მხოლოდ სიმბოლოებია და მთავარი ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის არსია,“ – მოუწოდებს მორწმუნეებს მამა ლევანი.

 

 

თამუნა გოგუაძე

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები