LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა საკითხებს განიხილავენ სინოდში? – მეუფე ნიკოლოზი სავარაუდო თემებს ასახელებს

116

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი იმ საკითხებზე საუბრობს, რომელიც 21 ივნისს, წმინდა სინოდის სხდომაზე შესაძლოა, განიხილონ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განუცხადა, განსახილველი საკითხები წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე მღვდელმთავრებისთვის წინასწარ არ არის ცნობილი, თუმცა იგი არ გამოიცხავს, რომ ერთ-ერთ საკითხად სხდომაზე მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებისგან უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციის გაცნობა იყოს.

„ჩვენ მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავრებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ მსოფლიო საპატრიარქოში ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობს. წმინდა სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრებისგან მიღებული ამ ინფორმაციის გაცნობა მოხდება. ეს არის საკითხი, რომელიც ღრმად შესწავლას საჭიროებს და არავითარი გადაწყვეტილება ჩვენი ეკლესიის მხრიდან არ იქნება მიღებული. ჩვენ არავითარ გადაწყვეტილებებს არ მივიღებთ, ვიდრე ეს საკითხი ზუსტად არ იქნება ჩვენს წინაშე დასმული,“ – განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

მისივე თქმით, უწმინდესთან შეხვედრაზე, მათი მხრიდან საუბარი შეეხო ასევე დიპტიხის საკითხს.

„ეს საკითხი მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავრების წინაშე კიდევ ერთხელ დაისვა, რომ მსოფლიო პატრიარქმა განიხილოს ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული თემა რაც საქართველოს ეკლესიის ადგილს უკავშირდება ეკლესიათა დიპტიხში. ითქვა, რომ ჩვენი ადგილი განსაზღვრული არ არის. მათ განაცხადეს, რომ ისინი აუცილებლად აცნობებენ მსოფლიო პატრიარქს ჩვენს დამოკიდებულებას. მსოფლიო საპატრიარქოში კომისია იყო შექმნილი და მათაც შეისწავლეს ეს საკითხი. შესაძლოა წმინდა სინოდის სხდომაზე ამ საკითხზეც იყოს საუბარი“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

კითხვაზე, წმინდა სინოდის სხდომაზე იქნება თუ არა დაყენებული რაიმე კუთხით ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის საკითხი, მიტროპოლიტისთვის უცნობია.

„მამა გიორგის დეკანოზის წოდება შენარჩუნებული აქვს. ჩვენ ველოდებით სასამართლოს საბოლოო შედეგებს, რადგან პროცედურები საბოლოოდ დასრულებული არ არის. რაც შეეხება მისი ზიარების საკითხს, ეს არ არის საკითხი, რომელსაც ეკლესია განიხილავს. მას ჰყავს პირადი მოძღვარი. მისი მოძღვარია მეუფე დიმიტრი. მან, რაღაც მოსაზრებებით, საჭიროდ ჩათვალა, რომ დროებით შეჩერებული აქვს ზიარება. ეს საკითხი მამა გიორგის და მისი მოძღვრის განსახილველია და მათ შორის გვარდება. ეკლესიას არავითარი ოფიციალური გადაწყვეტილება, არავითარი დადგენილება, რომ მამა გიორგის ზიარება აეკრძალოს, არ მიუღია,“ – განაცხადა მიტროპოლიტმა.

წმინდა სინოდის სხდომა წელს პირველად, 21 ივნისს იმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები