LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაჭაში ევროპული სტანდარტების შესაბამისი მეღორეობის პირველი ფერმა შენდება

393

„საპარტნიორო ფონდის,“ ქართულ-ესპანური კომპანია Native Georgian-ისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ერთობლივი „ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტის“ფარგლებში, აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში უნიკალური ჯიშის ქართული ღორის ხორც-პროდუქტებისგან დამზადებული კერძების პრეზენტაცია-დეგუსტაცია მოეწყო.

როგორც „ფორტუნას“ „საპარტნიორო ფონდიდადან“ აცნობეს, უნიკალური ჯიშის ქართული ღორისგან დამზადებული კერძები დარგის სპეციალისტებმა, მეცნიერებმა, კულინარებმა, გამოცდილმა შეფ-მზარეულებმა და მოწვეულმა სტუმრებმა დააგემოვნეს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოში ცნობილი ესპანური ბრენდის Deraza Iberico S.L.-ისა და „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია Native Georgian-ის დამფუძნებლებმა რეხინო დიაზ დელ რიოსამ და ლუის სანს კასადომ, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, „ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტი” საქართველოში „იბერიკოს“ ჯიშის ანალოგის, უნიკალური ქართული მთის ღორის მოშენების, ქართული ხამონისა და სხვადასახვა სახეობის ხორცპროდუქტების წარმოების, აგრეთვე მსოფლიო ბაზარზე მისი კომერციალიზაციის ეტაპებს მოიცავს. პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, საქართველოში მოძიებული 25 ერთეული უნიკალური ჯიშის ქართული მთის ღორისგან სელექციით სტერილურ პირობებში 500-მდე ღორი მოაშენეს. ესპანეთში ჩატარებული კვლევების შედეგად, დადასტურდა, რომ ქართული მთის ღორი ესპანური „იბერიკოს“ ჯიშის ღორის მახასიათებლებს უტოლდება; მისგან დამზადებული ხამონი და სხვა ხორცპროდუქტები კი უმაღლესი ხარისხის ნაწარმს წარმოადგენს.

პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, ევროპული ტექნოლოგიებისა და სტანდარტების შესაბამისი მეღორეობის პირველი ფერმის მშენებლობა რაჭაში, სოფელ ღარში მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ესპანური კომპანია Deraza Iberico S.L. პიონერია იბერიული ღორის ხორცის წარმოებასა და რეალიზაციაში. კომპანიამ შექმნა ახალი ბაზარი ამ სექტორში და დღეს მისი უდავო ლიდერია. Deraza Iberico S.L. თითოეული ღორისგან, დაახლოებით, 600 სახეობის სხვადასხვა პროდუქტს აწარმოებს. კომპანიის გაყიდვებმა 2017 წლის სტატისტიკური მონაცემებით, 85 მილიონ ევროს გადააჭარბა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები