LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას აპირებს მთავრობა სვანეთში, ჰესებთან დაკავშირებით – მამუკა ბახტაძის განმარტება

81

ჩვენ გვჭირდება ენერგეტიკა, მეტი დადგმული სიმძლავრე, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი ყველაფერზე მაღლა დგას, გვჭირდება უფრო მეტი კომუნიკაცია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ რას აპირებს მთავრობა სვანეთში, ჰესებთან დაკავშირებით არსებული ვითარების მოგვარების მიზნით.

“უნდა აღვნიშნოთ პირველ რიგში, რომ ენერგეტიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დარგია. თუ ენერგეტიკაში განვითარება არ უსწრებს წინ ეკონომიკის განვითარებას, ის შეიძლება ეკონომიკური განვითარების ბარიერადაც კი იქცეს. მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი მნიშვნელოვანია და ის დგას ყველაფერზე უფრო მაღლა. აქედან გამომდინარე, საჭიროა დამატებითი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. მე ვფიქრობ, რომ ის რეჟიმი, რა რეჟიმითაც ეს დარგი მუშაობს, საკმაოდ ეფექტურია და ინვესტორებთანაც ძალიან ხშირი ურთიერთობა გვაქვს. გარწმუნებთ, ამის მიუხედავად, არ შემცირებულა ინვესტორების ინტერესები, რომ ქართულ ენერგეტიკაში განახორციელონ ინვესტიციები. ჩვენ გვჭირდება ენერგეტიკა, მეტი დადგმული სიმძლავრე, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი დგას ყველაფერზე მაღლა. ალბათ, ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი კომუნიკაცია და ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე კვირაა ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი სვანეთში, დიდი ჰესების მშენებლობის აკრძალვას ითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები