LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ „გადააგდო“ ქართველმა რეჟისორმა მსახიობი: „პრემიერაზე მივედი და აღმოჩნდა, რომ ფილმში ჩემ მაგივრად მარგო ლუჩკო თამაშობდა…“

792

მსახიობი სოფო მეძმარიაშვილი „ფორტუნას“ საიტთან ექსკლუზიურად საუბრობს იმის შესახებ, რაც თავს ორი წლის წინ გადახდა. მსახიობებისგან ბევრი ამბავი მოგისმენიათ, მაგრამ ასეთი – ალბათ, ნაკლებად.

როგორც სოფო გვიამბობს, მიიწვიეს სათამაშოდ რეჟისორ გიორგი კიკალეიშვილთან, რომელიც დიდი ხანია, ამ სფეროში მუშაობს და არაერთი კლიპი თუ ფილმი აქვს გადაღებული, ასევე რამდენიმე პროექტის ავტორია, ფილმში „3+3“ პირადი მწვრთნელის როლზე. გადაიღეს, პრემიერაზე მისულმა მსახიობმა კი აღმოაჩინა, რომ მის როლს სხვა ადამიანი თამაშობდა…

სოფო მეძმარიაშვილი:

ეს ამბავი დაახლოებით ორი წლის წინ მოხდა. მაშინ კიკალას შევპირდი, რომ როცა ამისი საშუალება მიმეცემოდა, აუცილებლად მოვყვებოდი ყველაფერს. მინდა, ყველა მსახიობმა გაიგოს, როგორ მიაყენეს შეურაცხყოფა მათ კოლეგას.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსახიობებს ფულს არ უხდის, უცნობი არ არის. ისეთი მსახიობებისთვის არ აქვს ფული გადახდილი, რომ რა გითხრათ. მაგრამ ყველაზე დიდი საშინელება, რაც კი მსახიობს შეიძლება შეემთხვეს, მე გამიკეთა და ამ ამბავს იმიტომ ვყვები, რომ სხვა მსახიობებმა ისწავლონ ჭკუა ჩემს შეცდომაზე. მინდა, არც ერთი ჩემი კოლეგა არ დათანხმდეს მის შეთავაზებას. ეს იქნება პრეცედენტი, როგორ შეუძლიათ გვერდში დგომა მსახიობებს. ასეთ შეურაცხყოფას უნდა მოჰყვეს რაღაც რეაგირება.

დამირეკეს და შემომთავაზეს როლი მის ფილმში „3+3“. გადამიღო, კინო „ამირანში“ პრემიერაზე დამპატიჟეს. მივედი ჩემს დაქალსა და მის მეუღლესთან და მამაჩემთან ერთად. ფილმის მსვლელობის დროს, როცა ვიცოდი, რომ ჩემი სცენა მოდიოდა, (პირად მწვრთნელს განვასახიერებდი), დავინახე სხვა მსახიობი – მარგო ლუჩკო, რომელიც ჩემ მაგივრად თამაშობდა (იღიმის). ეს მოხდა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. მივედი პრემიერაზე, ვუყურებ ფილმს და უცბად სხვა მსახიობია ჩემ ნაცვლად. ისეთ დღეში ჩავვარდი, რომ რეჟისორი ბოლო სიტყვებით გამოვლანძღე.

შენი ჩანაცვლების რაიმე მიზეზი არ დაგისახელა?

მითხრა, რომ მარგო ჩემამდე დათანხმდა ამ როლს, გადავიღეთ, მერე მას რაღაც პრობლემა შეექმნაო, ამიტომ შემეხმიანენ მე და გადამიღეს. ფილმში საბოლოოდ მარგო ჩასვეს. მითხრა, ეს მემონტაჟემ გააკეთა, მე საერთოდ არაფერი ვიცოდიო. ანუ რეჟისორის გარეშე მემონტაჟემ ჩასვა მსახიობი. ეს წარმოუდგენელი ტყუილია. რეჟისორის გარეშე მემონტაჟე რას გადაწყვეტს?!. რასაკვირველია, თავი ვერაფრით გაიმართლა. შემდეგ მასთან არანაირი შეხება არ მქონია. არანაირი აზრი არ ჰქონდა. რა უნდა გამეკეთებინა? საშინლად ვიყავი გამწარებული. სოცქსელში რომ დამეწერა, ჩემი მეგობრები თუ ნახავდნენ. ახლა მომეცა საშუალება და ვამბობ!.. რასაკვირველია, მარგოსთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს.

გული მწყდება, რომ ეს რეჟისორი ჰონორარს არ იხდის და მაინც მიდიან მის დაძახებულზე…

შენც ხომ გქონდა გაგებული, რომ ჰონორარს არ იხდიდა…

მე მქონდა ინფორმაცია, რადგან მანამდეც მქონდა შეხება კიკალასთან. ერთ-ერთი არხისთვის შეუკვეთეს სერიალი, სადაც მეც ვმონაწილეობდი. ორთვიანი გადაღებების შემდეგ ყოველდღე მპირდებოდა, რომ ჰონორარი ჩაირიცხებოდა, მაგრამ არაფერი გადაუხდია. ფილმზე შეთავაზება კი დრუპისგან (ნიკა რამიშვილი – ავტ.შენ.) მივიღე და მას არ ვუთხარი უარი. თუმცა ის, რაც მოხდა, ჰონორარის არგადახდაზე უარესია.

თხოვნა მაქვს მსახიობებთან – აღარ მიიღონ მონაწილეობა გიორგი კიკალეიშვილის ფილმებში!.. ეს არ არის მარტო ჩემი შეურაცხყოფა. რაც მან გააკეთა, არავინ არავის არ გაუკეთებს არსად. თქვენ რას მირჩევდით, რა უნდა გამეკეთებინა?

კონტრაქტი არ გქონია?

არა. წინა დღეს დამირეკა დრუპიმ და მეორე დღესვე წავედი გადაღებაზე. კონტრაქტი რომ მქონოდა, აუცილებლად ვუჩივლებდი!.. მგონი, ყველა ასე მოიქცეოდა.

მას შემდეგ კიკალასთან საქმიანი შეხება არ გქონია?

რას ამბობ? არანაირი. ჩემი წარმატება რომ მის სარეჟისორო გამოცდილებაზე გადიოდეს, მაინც ყოველთვის უარს ვეტყვი ყველანაირ შემოთავაზებაზე!..

„ფორტუნა“ სოფოსთან საუბრის შემდეგ რა თქმა უნდა, დაუკავშირდა თავად რეჟისორს.

გიორგი კიკალეიშვილი:

მსახიობს რა თქმა უნდა, ექნება პრეტენზია, მე არ ჩამსვა, კარგად ვითამაშე და რეჟისორს არ მოეწონა, მიკერძოებული იყოო. ხომ იცით, რომ მსახიობებს და მით უმეტეს, დამწყებ მსახიობებს აქვთ ასეთი ამბიციები… ითამაშა და მორჩა. ძალიან კარგი და ნიჭიერი გოგოა, მომავალი აქვს კარგი, მაგრამ ამ შემთხვევაში ის როლი ვერ დააკმაყოფილა. მგონი, არასერიოზულია ამაზე პრეტენზიის გამოთქმა. იგივეა, მწვრთნელს რომ გამოუთქვათ პრეტენზია, რატომ შეცვალა ფეხბურთელი თამაშის წინ, შეცვალა და მორჩა.

სოფომ გვითხრა, რომ პრემიერაზე მიიწვიეთ, მაგრამ არ გააფრთხილეთ, რომ სხვა მსახიობით ჩაანაცვლეთ…

გავაფრთხილე რა, მე რომელი გამფრთხილებელი ვარ!.. მე რა შუაში ვარ, პროდიუსერთან უნდა ჰქონდეს პრეტენზია. სწორად გამიგეთ, რეჟისორი არ არის ის ადამიანი, ადმინისტრატორი, რომელიც ვიღაცებს აფრთხილებს და არ აფრთხილებს…

სოფო ამბობს, რომ მსახიობებს ჰონორარებს არ უხდით და ეს ცნობილი ამბავია…

აი, ეს უკვე მისი საქმე არ არის!.. ყველას ყველაფერს ვუხდი, მისი სალაპარაკო არ არის. ამას შეიძლება, სერიოზული პრობლემა მოჰყვეს. ვამბობ, პერსპექტიული, კარგი გოგოა, მაგრამ ამ როლში არ გამოდგა, მის შურისძიებას იმის გამო, რომ დაიბოღმა, თქვენ სერიოზულად ნუ მიიღებთ!..

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები