LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ იქნება წარმოდგენილი საქართველო ვენეციის ბიენალეზე

125

10 მაისს, 17:30 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით, ვენეციის 57-ე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე საქართველოს  პავილიონი პროექტით, „ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში“  გაიხსნება.

ღონისძიებას საქართველოს პავილიონის კომისარი ანა რიაბოშენკო დაესწრება.

ინსტალაციის მთავარი ნაწილია ძველი იმერული ოდა, რომელსაც პროექტის ავტორმა ვაჟიკო ჩაჩხიანმა ჭიათურასთან ახლოს მდებარე სოფელში მიაკვლია.

ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე წარსადგენ პროექტს ორგანიზებას უწევს ააიპ „ობსკურა“.

ვაჟიკო ჩაჩხიანის ინსტალაცია „ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში“  მიგვანიშნებს იმაზე, თუ რამდენად მძიმედ აწევს ადამიანს სოციალური, პოლიტიკური თუ ისტორიული გარემოებების ტვირთი, რომელიც გავლენას ახდენს ცხოვრების შესახებ ადამიანთა წარმოდგენებზე. 

პროექტის კურატორია ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი – იულიან ჰეინენი, მწერალი, სპეციალიზდება თანამედროვე ხელოვნებაზე. 2003–2005 წლებში იყო გერმანიის ეროვნული პავილონის კურატორი ვენეციის ბიენალეზე, და 2008 წელს შანხაის ბიენალეს ერთ-ერთი კურატორი. ამჟამად, ცხოვრობს და მუშაობს ბერლინში.

ვენეციის 57-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა იტალიაში წელს 2017 წლის 13 მაისიდან 26 ნოემბრის ჩათვლით, იტალიის რესპუბლიკაში, ქ. ვენეციაში იმართება. წლევანდელი გამოფენის მთავარ თემას წარმოადგენს “VIVA ARTE VIVA”. მისი კონცეფცია აერთიანებს ყველა თაობისა და წარმოშობის ხელოვანს.

ქართული პავილიონი ვენეციის ბიენალეს ერთ-ერთ მთავარ საგამოფენო სივრცეში -„არსენალეზეა“ განთავსებული, რომლისთვისაც შენობაში „Artiglierie”  115 კვ.მ. ფართობის სივრცეა განსაზღვრული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები