LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევაგუოთ ბავშვი ბაღს, სკოლას – რჩევები სპეციალისტისგან

ცნობილი ბავშვთა ფსიქიატრი, მედეა ზირაქაშვილი გვესაუბრება იმ საკვანძო საკითხებზე, რომლებიც ნებისმიერ მშობელს დააინტერესებს. როდის მივიყვანოთ ბავშვი ბაღში და რა შემთხვევაში ვაჩვენოთ სპეციალისტს, ამაზე დაწვრილებით რადიო „ფორტუნას“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ესაუბრა.

ქალბატონო მედეა, რა ასაკიდან უნდა მივიყვანოთ ბავშვი ბაღში? მოვისმინე მოსაზრება,  რომ წლიდან უფრო უადვილდებათ შეგუება…

 მედეა ზირაქაშვილი:

მიჩნეულია, რომ სამ წლამდე ბავშვებს აქვთ ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობა მშობლებისადმი, ეს ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია. ამ დრომდე მნიშვნელოვანია, მათი მთავარი გარემო შემიფარგლებოდეს  აღმზრდელებთან ყოფნით. ამიტომაც სამ წლამდე რეკომენდებულია, პატარა იზრდებოდეს მშობლებთან და ბაღში მიიყვანონ სამი წლის ასაკიდან, მაშინ, როცა  მზადაა პირველ ასაკობრივ სოციუმში ჩასართავად.

თუკი ბავშვი მიიყვანეს ბაღში და სულ ტირის, არ უნდა დარჩენა, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?

შესაძლოა, სამი წლიდან ბავშვმა მარტივად უნდა შეძლოს მშობლებთან განშორება, მაგრამ მაინც ინდივიდუალური საკითხია. არიან მშობლები, რომლებიც შვილებს არ აძლევენ დამოუკიდებლად არსებობის საშუალებას, ამიტომაც მათ უჭირთ მშობლებთან განშორება. ნელ-ნელა უნდა ვეცადოთ, შევაგუოთ ახალ გარემოს. ყველა შვილს უნდა დედ-მამასთან ყოფნა, საბავშვო ბაღში ის რიგითია, რომელიც სისტემის ნაწილი უნდა გახდეს, შეასრულოს დირექტივები. ის, რაც სახლში შეიძლება მარტივად გასდიოდეს, ბაღში არ ეპატიება. წინააღმდეგობის მიუხედავად, ეტაპობრივად უნდა შევაჩვიოთ ბაღს. მშობელი აქტიურად უნდა ჩაერთოს ამაში, ცოტა ხნით დატოვოს, მერე უფრო დიდი ხნით და ა.შ.

რამდენად აუცილებელია პატარის ბაღში მიყვანა?

ბავშვის ბაღში მიყვანა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მას, ვინც პირდაპირ სკოლაში მიდის, ბევრი პრობლემა ექმნება. სკოლაში ბევრად მკაცრი წესებია, ვიდრე ბაღში. სასურველია, რომ ბავშვი ჯერ ბაღის გარემოს შეეგუოს, რთულია, როცა პატარა არ არის მიჩვეული აკრძალვებს, დირექტივების შესრულებას და პირდაპირ სკოლაში ხვდება.

რას ურჩევდით მშობლებს, რომელთაც ადრეული ასაკიდან შეაქვთ შვილების ცხოვრებაში უცხო ენები, რუსული და ინგლისური?

 ამას აქვს პლუსებიც და მინუსებიც. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ მრავალენოვან ოჯახში, სადაც სამ ენაზე იწყებენ ლაპარაკს, სამივეზე არაჩვეულებრივად ლაპარაკობენ. ვისაც განვითარების მხრივ არანაირი პრობლემა არ აქვს, წესით, რამდენიმეენოვან გარემოში გაზრდაც არ უქმნის პრობლემას. მაგრამ ყველა ასეთი არ არის. თუ განვითარების მხრივ მცირედი შეფერხება მაინც არის, შეიძლება, ასეთი ჩარევა ბავშვზე უარყოფითად აისახოს. როცა დედ-მამა სხვადასხვაენოვანია, ვურჩევთ, თუ არის შესაძლებლობა, გადავიდნენ ერთ ენაზე, თუ არ არის ამის საშუალება, დედამ თავის ენაზე ისაუბროს, მამამ – თავისაზე. ეს მეტყველების განვითარების შეფერხების პრევენციაა.

როდესაც ბავშვს მშობლებთან ურთიერთობის დეფიციტი აქვს, ეს როგორ უნდა შეავსოს დედ-მამამ?

21-ე საუკუნეში ძნელად მეგულება ოჯახი, სადაც დამხმარე არ სჭირდებათ, დედაც მუშაობს, მამაც. ბავშვების უმეტესობა იზრდება აღმზრდელთან. სულ ვამბობ, მთავარი არ არის ბავშვთან 24 საათი ყოფნა. მთავარია, როცა მშობელი სახლში ბრუნდება, რამდენად ეფექტურად გაატარებს იმ ერთ თუ ორ საათს შვილთან ერთად. შესაძლოა, მშობელი სულ ბავშვთან იყოს, მაგრამ მისთვის არ ეცალოს. თუ დედა მუდამ ან სამზარეულოშია, ან რეცხავს, ან სერიალებს უყურებს, შვილისთვის დრო აღარ რჩება. სამსახურების უმეტესობა შვიდი საათისთვის მთავრდება. ხუთამდე ბავშვები ბაღში არიან. 7-დან პატარის დაძინებამდე ორი-სამი საათია, რომლის გამოყენებაც სავსებით ეფექტურად შეიძლება. დაგეგმონ წინასწარ, რა უნდა გააკეთონ ერთად. მიეცით ბავშვს არჩევანის უფლება, მან გითხრათ, რისი გაკეთება სურს თქვენთან ერთად.

კონცენტრაციის ნაკლებობა – ამის შესახებ ხშირად გვესმის, ბავშვებს უჭირთ ახალი მასალის ათვისება… ამ შემთხვევაში მშობელი როგორ უნდა მოიქცეს?

 ყურადღების დეფიციტი – ამ დიაგნოზს ხშირად სვამენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რას ახლავს ეს სიმპტომი. თუკი ის აუტიზმის სპექტრის სიმპტომია, დასწავლის სირთულე გასაგებია და აქ ჩარევა მეტად არის საჭირო. თუკი არის ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი და არ უკავშირდება აუტიზმს, საჭიროა ბავშვის მოტივირება და სწორი გარემოს შერჩევა. შესაძლოა, მასალა არის მისთვის არასაინტერესო ან ხერხი, რითაც მას ვაწვდით. თუკი დღის განმავლობაში ყურადღების დეფიციტს ჰიპერაქტიურობა ახლავს, უნდა დავუგეგმოთ სხვადასხვა აქტივობა. ძალიან ბევრი რეკომენდაციის გათვალისწინებაა შესაძლებელი ამ მხრივ.

როდის არის აუცილებელი, მშობელმა სპეციალისტს მიაკითხოს?

 თუკი შედარებით მცირე ასაკზე გვაქვს ლაპარაკი, დიდი მნიშვნელობა აქვს, ბავშვს ჰქონდეს უნარი,  ასრულებდეს მარტივ დავალებებს. თუკი მას უჭირს ახალი უნარ-ჩვევების ათვისება,  უჭირს ყურადღების კონცენტრირება და სახელის დაძახებაზე მშობელს არ გამოხედავს, აუცილებლად უნდა იფიქროთ, რომ იქ არის გარკვეული სირთულე. შეიძლება, ბავშვი არ ლაპარაკობდეს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის დავალებებს ასრულებდეს.

ასაკის მატებასთან ერთად, სასკოლო გარემოში, მშობელი უნდა დააკვირდეს, რა დონეზე უჭირს ბავშვს მასალის დასწავლა. თუკი სკოლაში მისვლაზე უარს ამბობს და არ უნდა სწავლა, შესაძლოა, ეს არ იყოს მხოლოდ ქცევის დარღვევა, არამედ გაქცევა გარემოსგან. რატომღაც მშობელი ვერასდროს უშვებს, რომ მის შვილს შეიძლება ჰქონდეს გონებრივი განვითარების პრობლემა და ამიტომაც არასდროს მოსდით თავში, რომ შეამოწმონ მისი ინტელექტი. რამდენადაც რთული უნდა იყოს მშობლისთვის ამის აღიარება, როგორც კი გვეცოდინება, რა დონემდე შეიძლება ბავშვს რაღაც მოვთხოვოთ, შევამცირებთ ქცევის დარღვევებს, რაც სხვადასხვა მიზეზმა შეიძლება განაპირობოს.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები