LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ სასტუმროებშია გადაღებული ოსკაროსანი ფილმები

102

ფანტასტიკური გამოქვაბულები ”ვარსკვლავური ომების” ერთ-ერთი ეპიზოდიდან და უძველესი ვილა ფილმიდან ”ინტერვიუ ვამპირთან” – არა კინოსტუდიის პავილიონები ან ცივილიზაციისგან მოშორებული ადგილები, არამედ აბსოლუტურად რეალური სასტუმროების ინტერიერია. ასე რომ, თუ საყვარელი ფილმის დეკორაციებში დასვენებაზე ოცნებობთ, თავისუფლად შეგიძლიათ დაბინავდეთ ერთ-ერთ სასტუმროში.

”ინტერვიუ ვამპირთან” – Oak Alley Plantation

ლუიზიანას შტატის რომანტიკული ვილა თავისი მუხის ხეივანით მისტიკური ფილმის ”ინტერვიუ ვამპირთან” გადასაღებ მოედნად იქცა, მთავარი როლის შემსრულებელმა ბრედ პიტმა კი, პლანტაციის ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ კოტეჯში დაიდო ბინა. დღეს Oak Alley Plantation ქალაქ ვაჩერაში, ტურისტებს მასპინძლობს, პატარა სახლის ქირაობა კი, ერთი ღამით სულ რაღაც 250 დოლარი ღირს.  

”ინტერვიუ ვამპირთან” ”ოსკარის” პრემიაზე 1995 წელს იყო წარდგენილი საუკეთესო დეკორაციისა და საუნდთრეკის ნომინაციებში.

thumb_47375_material_big

”შუაღამე პარიზში” – Le Meurice

მართალია, ვუდი ალენის ფილმმა ”ოსკარი” საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის მიიღო, მაგრამ არც მისი დეკორაციები ჩამორჩება  დრამატურგიას. რომანტიკულ პარიზს თავისი იდუმალი ქუჩებით, მყუდრო კაფეებით და ავანგარდული რესტორნებით, სადაც ოუენ უილსონის პერსონაჟი ერნესტ ჰემინგუეის და სალვადორ დალის ხვდება, მაყურებელი გასული საუკუნის დასაწყისში გადაჰყავს და მხოლოდ ფეშენებელური სასტუმროს Le Meurice-ს დეკორაციები აბრუნებს მათ რეალობაში. პარიზის ატმოსფეროს შეგრძნება და ფილმის პერსონაჟების მსგავსად სასტუმროს ტერასაზე ღვინის დაგემოვნება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, ერთი ღამის გატარება Le Meurice-ში 695 ევრო ღირს.  

thumb_47376_material_big

”ვარსკვლავური ომები” – Hotel Sidi Driss

ტუნისის გამოქვაბულშია გადაღებული ლეგენდარული საგის ორი ეპიზოდი ”ახალი იმედი” და ”კლონების შეტევა”. 1 500 წლის წინ აშენებული ბერბერების ტრადიციული საცხოვრებელი ჯორჯ ლუკასის ფილმში ფანტასტიკურ პლანეტად ტატუინად გადაიქცა და მთავარი პერსონაჟი ლუკ სკაიუოკერი შეიფარა. Sidi Driss-ში სულ ხუთი გამოქვაბულია. ერთში რესტორანია მოწყობილი, სადაც ფილმის ფანებს ლუკ სკაიუოკერის მაგიდასთან შეუძლიათ ისადილონ, ღამის გასათევად კი, მეზობელ გამოქვაბულში გადაინაცვლონ, სადაც ოთახის ქირაობა სულ რაღაც 11 დოლარი ღირს.

1978 წელს ფილმმა ”ვარსკვლავური ომები. ეპიზოდი IV: ახალი იმედი” ოსკარის შვიდი პრემია მოიპოვა, მათ შორის საუკეთესო დეკორაციების ნომინაციაშიც. ”ვარსკვლავური ომები. ეპიზოდი II: კლონების შეტევა” კი, 2003 წელს იყო პრემიაზე წარდგენილი საუკეთესო ვიზუალური ეფექტების ნომინაციაში.

thumb_47377_material_big

”თარგმანში დაკარგული” – Park Hyatt Tokyo

2002 წელს ფეშენებელურმა სასტუმრომ ტოკიოს ცენტრში, ფილმის ”თარგმანში დაკარგული” გადამღებ ჯგუფს უმასპინძლა. სწორედ Park Hyatt Tokyo-ს ერთ-ერთ ნომერში ატარებდა მთელ დღეებს ახალგაზრდა შარლოტა, სკარლეტ იოჰანსონის შესრულებით, ბილ მიურეის პერსონაჟს – ბობის კი, სასტუმროს ბარში ხვდება, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ტურისტებს შორის. როგორც ამბობენ, ფილმის რეჟისორი – სოფია კოპოლა თვითონაც არაერთხელ გაჩერებულა სასტუმროში, სადაც ერთი ღამით ნომრის ქირაობა 760 დოლარს შეადგენს.

2004 წელს ფილმმა ”თარგმანში დაკარგული” ოსკარის პრემია საუკეთესო სცენარის ნომინაციაში მოიპოვა.

thumb_47378_material_big

”მანქანიდან” – Juvet Landscape Hotel

ფანტასტიკური ტრილერი ქალ-რობოტზე ნორვეგიის Juvet Landscape Hotel-ში და მის შემოგარენშია გადაღებული, ვალდალის ხეივანი კი, ალექს გარლანდის ფილმის თითქმის მთავარ პერსონაჟად იქცა. ნორვეგიული პეიზაჟით დატკბობა სასტუმროს ცხრა ამარტამენტების პანორამული ფანჯრებიდან შეიძლება, სადაც ერთი ღამით ნომრის ქირაობა 162 ევრო ღირს.

ფანტასტიკური ფილმი ”მანქანიდან” ორ – საუკეთესო სცენარისა და ვიზუალური ეფექტების ნომინაციაში იყო წარდგენილი, თუმცა მხოლოდ ერთი პრემიით (ვიზუალური ეფექტებისთვის) დაკმაყოფილდა.

thumb_47379_material_big

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები