LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საინტერესო ამბავი 90-იანი წლების თბილისიდან, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

1955

“ფეისბუქ”-მომხმარებელი რუსუდან წერეთელი აქვეყნებს საინტერესო ამბავს, რომელიც 90-იან წლებში თბილისში შეემთხვა. გთავაზობთ პოსტს.

“რუსული ლიტერატურის ისტორიას მ. ქ. გვიკითხავდა. საშინლად მოუწესრიგებელი ქალი იყო, ლექციებს აცდენდა ხშირად და შემდეგ სტუდენტებს სახლში გვიბარებდა ჩათვლებისა და გამოცდების ჩასაბარებლად. 51-ე სკოლასთან ცხოვრობდა…

ერთ მშვენიერ დღეს მე და ჩემი ჯგუფელი, ჩემი საუკეთესო მეგობარი თამუნა დაგვიბარა სახლში გამოცდისთვის. შევედით და რას ვხედავთ, როიალზე გასარეცხი ჯამი, თეფში, კოვზი, ნარჩენი საჭმელი და რა ვიცი, კიდევ რა არ დევს. მოკლედ, ნოტების გარდა ყველაფერი დავინახეთ…

ქალბატონმა მერიმ ანტიკვარულ სასადილო მაგიდასთან დაგვსვა და პირველად გამოკითხვა ჩემით დაიწყო: “აბა, ტოლსტოი როგორ იცი, უნდა ვნახო ახლა” და “ანა კარენინას” მაყოლებს. რადგან ორიგინალში მქონდა ნასწავლი, ვუყვები რუსულად, შეჭრილი ვარ როლში და დიალოგებიდან ციტატებსაც ვიშველიებ… მიუხედავად ამისა, მერის მთლად ბედნიერებას ვერ ვატყობ სახეზე, მაწყვეტინებს და მეკითხება: “რამდენი წლის იყო ვრონსკი?” აი, აქ ვიბნევი და ვცდილობ ზოგადი პასუხით შემოვიფარგლო: – “ანაზე ბევრად პატარა”, “ნუ მაინც რამდენით?” – არ ცხრება მერი… სხვა რა გზა მაქვს, ვნებდები და ვეუბნები – “არ მახსოვს”. მერი თავისი ქოფაკი თვალებით სათვალეებიდან ეჭვის თვალით მიმზერს და კითხვებს უკვე “ომი და მშვიდობიდან” მაძლევს… ისევ გავილექსე და ვუყვები ნაწარმოებს… მერი ისევ მაჩერებს და მეკითხება: “რა ფერის კაბა ეცვა ნატაშა როსტოვას წვეულებაზე”… ამაზეც ვერ ვუპასუხე, რასაც მერის ირონიული რეპლიკა მოჰყვა: “нет деточка, ты не знаешь толстого”… მერი ოთხიანს მიწერს ჩათვლის წიგნაკში და უკან მიშვებს…

მოკლედ, საშინელ ხასიათზე ვარ… იმ საღამოს თამუნასთან გადავწყვიტე დარჩენა და მთაწმინდაზე ფეხით მივდივართ. ეს ის დროა, მხედრიონი, გვარდია თუ პოლიცია ყველა ავტომატგადაკიდებული რომ დარბის და ქუჩაში თუ სახლში ხალხს რომ ძარცვავს… უხმოდ მივუყვებით მე და თამუნა მთაწმინდის აღმართს და უეცრად სამი გვარდიელი გადაგვიდგა წინ იარაღით ხელში… ვაიმე, კი გავიფიქრე წამიერად და თამუნას გავხედე, რომელსაც უკვე ფერი აღარ ედო… ჩემს თავს ვუთხარ, თუ შევშინდით უფრო უარესია და დავიწყე საუბარი ამ გვარდიელებთან. ვუყვები, თუ როგორ გამამწარა მერიმ… რომ მთელი ტოლსტოი მოვუყევი და ხუთიანი მაინც არ დამიწერა, რადგან ვრონსკის წლოვანება არ მახსოვდა და ნატაშა როსტოვას კაბის ფერი და უცბად, ერთ-ერთი მათგანი ამბობს: “ვრონსკი ანაზე 5 წლით პატარა იყო, ანა 27 წლის იყო და ვრონსკი 22-ის. ნატაშა როსტოვას კი ყვითელი კაბა ეცვა წვეულებაზეო”…. ამის თქმა და ჩემი დამუნჯება ერთი იყო… შემდეგ ისევ ეს გვარდიელი მიუბრუნდა დანარჩენ ორს და უებნება: “წავიდეთ ერთი, ამათ თავისი ეყოფათ, ცოდოები არიან”…

არ ვიცი თამუნას თუ ახსოვს ეს ისტორია ასე დეტალებში, მე კი დღემდე ვერ ვივიწყებ ამ ამბავს…”

https://www.facebook.com/russo75/posts/10212021199817571

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები