LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამთავრობო ქალაქი: რომელი მინისტრები ივლიან ორთაჭალაში

551

სამთავრობო ქალაქი თბილისში – მთავრობის ინიციატივა ორთაჭალაში, გულუას ქუჩაზე, სამინისტროების ძირითადი ნაწილის ერთ სივრცეში განთავსებას გულისხმობს.

ენერგოეფექტური შენობები, ხარჯების ოპტიმიზაცია, ეკონომიკურად მომგებიანი ფართების გამონთავისუფლება ქალაქის ცენტრში და მოქალაქეებისთვის მომსახურების გამარტივება – ეს ის ძირითადი მიზეზებია, რომლითაც მთავრობა სამთავრობო კლასტერის შექმნის ინიციატივას ხსნის.

ახალი სამთავრობო ქალაქის მშენებლობა, ორთაჭალაში, ე.წ. ”ბიზნესის სახლის” მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება. მშენებლობის ინიციატივა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაახმოვანა.

”ორთაჭალაში ე.წ. ბიზნესის სახლის მიმდებარედ გამოყოფილია საკმაოდ დიდი ტერიტორია, სადაც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო ერთ სივრცეში განთავსდება, ერთეული სამინისტროების გარდა, რაც როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის მომსახურების გამარტივებას უზრუნველყოფს” – განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერმა.

სამთავრობო ქალაქის აშენების შემდეგ, მთავრობა ძველი შენობების პრივატიზებას გეგმავს. მშენებლობის კონკრეტული გეგმა და ვადები, ამ ეტაპზე,  უცნობია. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით,  ”განაშენიანების რეგულირების გეგმის განხილვა მიმდინარეობს, თუ პროექტი ეკომომიკუი და სივრცითი მოწყობის თვალსაზრისითაც საინტერესო იქნება, ეს იქნება ძალიან სერიოზული ნაბიჯი ხარჯთეფექტურობისთვის”.

”თბილისი ტურისტული ქალაქია და ბევრი სამინისტრო ისეთ არეალშია, სადაც 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს განთავსება უმჯობესი იქნებოდა. ეს გაზრდის ქალაქის ეკონომიკას და ხელს შეუწყობს ქვეყანას ტურისტების მიღებაში” – განმარტავს ეკონომიკის მინისტრი.

ორთაჭალაში, ამ ეტაპზე, რამდენიმე სამთავრობო სტრუქტურაა განთავსებული, მათ შორის ფინანსთა სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო, შს სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა და იუსტიციის სამინისტრო.

შენობას სავარაუდოდ შეიცვლიან  საბურთალოს ტერიტორიაზე განთავსებული ინფრასტრუქტურის (ინფორმაცია უკვე დადასტურებულია), სასჯელაღსრულებისა და დევნილთა და განსახლების სამინისტროები; ასევე, თბილისის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ეკონომიკის (საკუთარი ფართი არ გააჩნია) და  საგარეო საქმეთა (შენობა ავარიულია) სამინისტროები. სამთავრობო შენობების სრული, დაზუსტებული ჩამონათვალი  მშენებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შემდეგ გახდება ცნობილი.

ორთაჭალის სამთავრობო ქალაქის მშენებლობას, ხარჯებიდან გამომდინარე, გაუმართლებლად მიიჩნევენ ოპოზიციური პარტიები.

”აგუგუნებული ქარხნების მშენებლობის შეუსრულებელი დანაპირების შემდეგ მთავრობა საკუთარ ოცნების ქალაქს იშენებს”, – ასე აფასებს ლეიბორისტი გიორგი გუგავა ახალ სამთავრობო  ინიციატივას.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, სამთავრობო ქალაქის მშენებლობაში, ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ხედავს

”პანორამა თბილისის” პროექტში სახელმწიფო კანცელარიის შენობაც ხვდება, სადაც რამდენიმე სამინისტროა განთავსებული, როგორც სჩანს, ბიძინა ივანიშვილს პრივატიზების საშუალებით სწორედ ამ შენობის ხელში ჩაგდება სურს”, ამბობს გუგავა.

რაც შეეხება პროექტის ეკონომიკურ გამართლებას, ენერგოეფექტურობასა და ძველი შენობების გასხვისებით დამატებითი ფინანსების მოზიდვას, გიორგი გუგავა აბსურდს უწოდებს და  მიიჩნევს, რომ რამდენიმემილიარდიანი პროექტის განხორციელების ფუფუნება, მძიმე სოციალური პრობლემების მქონე ქვეყანას არ გააჩნია.

”ეს იქნება საბიუჯეტო სახსრების ფლანგვა, რაც კრიმინალური ქმედებაა და იმედია, ამით შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან”,  -აცხადებს რადიო ”ფორტუნასთან” საუბარში გუგავა.

 

ინიციატივას აფასებენ ექსპერტებიც

კარგი, მაგრამ ამ ეტაპზე არაპოპულარული იდეა – ასე აფასებს რადიო ”ფორტუნასთან” პროექტს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე.

”სამთავრობო ქალაქის იდეა მმართველი პარტიისთვის პოლიტიკურად წამგებიანი პროექტია, მაშინ, როცა მოსახლეობას აქვს განცდა, რომ მთავრობის დაპირებები შეუსრულებელია. ამ დროს კი ხელისუფლება ახალი სამთავრობო ქალაქის მშენებლობას იწყებს. მოსახლეობის რეაქცია პოზიტიური არ იქნება, მეტიც, თავისუფალ შენობებში  სასტუმროებისა და რესტორნების განთავსების თემა გამაღიზიანებელიც კი იქნება, რადგან ამას მოსახლეობა სარგებლის მომტანად არ აღიქვამს. სჯობდა, გამოყოფილი სახსრებით მთავრობას ჯერ ქარხნები აეშენებინა,  მუდმივი სამუშაო ადგილები შეექმნა და ეს პროექტი შემდეგ დაეგეგმა” ,- აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

 

თამუნა გოგუაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები