LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო-ჩინეთს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა განიხილება

32

ჩინურმა ენერგეტიკულმა კორპორაცია CEFC-მ  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიანი ვიზიტით მყოფ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს საპატიო მიღება მოუწყო.

შეხვედრაში CEFC-ის შანხაის ოფისის მმართველი წანგ ძიენ ძუნი, CEFC-ის პეკინის ოფისის გენერალური მენეჯერი, საინვესტიციო დეპარტამენტის გენერალური მენეჯერი და მმართველი რგოლის სხვა წევრები მონაწილეობდნენ.  მხარეებმა  პეკინში გაფორმებულ მემორანდუმზე იმსჯელეს, რომელიც  CEFC-ისა და „საპარტნიორო ფონდის“ ერთობლივი „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდის“ ამოქმედებას გულისხმობს.   ფონდი ფულს ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ინდუსტრიის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში დააბანდებს.

საპარტნიორო ფონდის ცნობით, CEFC-ის მმართველი გუნდი და „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობასა და სასაწყობე მეურნეობებით უზრუნველყოფის თაობაზე შეთანხმდნენ. აქცენტები გაკეთდა საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების განვითარების საკითხზეც. კერძოდ, საუბარი შეეხო ფოთის ეკონომიკურ ზონას, რომლის აქტიური ამუშავება ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია.

ჩინური მხარე მზადყოფნას გამოთქვამს  საქართველო-ჩინეთს შორის პირდაპირი ავიარეისების ამოქმედებასთან დაკავშირებით.

აღინიშნა, რომ CEFC-ი რეკომენდაციას გაუწევს ჩინეთის წამყვან მრავალპროფილიან საწარმოებს საქართველოში გაეცნონ არსებულ საინვესტიციო პოტენციალს.  CEFC-ი ჩინელ მეწარმეებს კონსულტაციებს გაუწევს „საპარტნიორო ფონდთან“ სტრატეგიული პროექტების განხორციელების შესახებ.

ხუასინის ენერგეტიკულ კორპორაციაში გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე CEFC-ის მმართველი რგოლი დავით საგანელიძემ  საქართველოში 27-28 ნოემბერს დაგეგმილ „აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმზე“ მოიწვია, რომლის ერთერთი ორგანიზატორი  „საპარტნიორო ფონდია“.

შანხაიში კერძო სექტორთან შეხვედრების პარალელურად, ქართული დელეგაცია დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, შეხვედრებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან მართავს. საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი შანხაის მთავრობის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ვიცე-თავმჯდომარეს ფუ ლიხუნს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების, თბილისისა და შანხაის დამეგობრებისა და ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიარეისების შესახებ ისაუბრეს. ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაციის შეხვედრა შანხაის თავისუფალი სავაჭრო ეკონომიკური ზონის მენეჯმენტთან და საერთაშორისო ურთიერთობების ბიუროს ხელმძღვანელთან შედგა.

მხარეებმა  ჩინეთის სავაჭრო ეკონომიკური ზონის კონცეფციის დეტალებისა და საქართველოში ანალოგიური წარმატებული მოდელის დანერგვის შეახებ იმსჯელეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები