LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის დაწესება სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია 

171
ლეო

„საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში ყოველგვარი ბარიერის გარეშე მოგზაურობის საშუალება მიეცემათ. ეს ნამდვილად შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების, უპირველესად კი, სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით კავშირების გაღრმავებას, რადგან ჩინეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ლევან დავითაშვილის შეფასებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის დაწესება სტრატეგიული პარტნიორის გადაწყვეტილებაა.

„ეს არის გაგრძელება იმ თანამშრომლობის, რომელიც ჩინეთთან გასულ წელს გაფორმდა  – ჩვენ შარშან სექტემბერში მივიღეთ გადაწყვეტილება ჩინეთის მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი ვიზების გაუქმების თაობაზე. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტი, მეგობრული ნაბიჯი, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული ეკონომიკურ პროგრესთან ჩვენს ურთიერთობებში. ეს აისახება, რა თქმა უნდა, ტურიზმშიც – ჩვენს ქვეყანაში მეტი ტურისტის უბარიეროდ შემოსვლაზე. შარშანვე იყო იმაზე საუბარი, რომ ჩინეთში საქართველოს მოქალაქეებისთვისაც 2024 წლიდან ყოფილიყო უვიზო მიმოსვლა შესაძლებელი, ასეც მოხდა“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის დაწესების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ 30 დღის გატარება შეეძლებათ.

პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ძალაში ახლო მომავალში შევა, ამ ეტაპზე ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს.

„ეს სიახლე ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლასაც კიდევ უფრო წაახალისებს. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ჩინეთის სხვადასხვა ავიაკომპანიასთან, რათა პირდაპირი ფრენები გვქონდეს ჩინეთის სხვადასხვა ქალაქთან“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, ჩინეთთან ურთიერთობის არსებული დინამიკა მიმდინარე წელს კიდევ უფრო გააქტიურდება, მომავალ წლებში კი პრაქტიკულ ეკონომიკურ შედეგებსაც მოიტანს საქართველოსთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g