ის ფაქტი, რომ ჩინეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტი შედგა, ხაზს უსვამს ვიზიტის ისტორიულ მნიშვნელობას და ქვეყნებს შორის ურთიერთობის ისტორიულად მაღალ დონეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ჩინეთსა და საქართველოს შორის რამდენიმე წელია, უკვე არსებობს სტრატეგიული პარტნიორობა, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც საბოლოო ჯამში აისახება მოსახლეობაზეც და ქვეყნებს შორის ურთიერთობაზეც.
„ჩვენ შორის გაზრდილია ვაჭრობა, ტურიზმი, პირდაპირი ფრენები, რაც საშუალებას აძლევს ჩვენს ქვეყანას, ხალხებს შორის ურთიერთობისა და ტურიზმის განვითარების მხრივაც გვქონდეს უკეთესი მაჩვენებლები. ამ ვიზიტის ფარგლებში, მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი ჩემს კოლეგას, პარლამენტის თავმჯდომარეს. ასევე, მქონდა შეხვედრა იმ წრეებთან, რომლებსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე. ასევე, ვისაუბრეთ მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე, უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების რღვევაზე. ნათელია, რომ ჩინეთის ხელისუფლებას და ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად იდენტური მიდგომა – საერთაშორისო სამართლის პატივისცემას უნდა დაუბრუნდეს ყველა ქვეყანა და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპი იყოს მთავარი. ამ ვიზიტის ფარგლებში დღეს ასევე ვიმყოფებით შაანსის პროვინციაში. პროვინცია, რომელიც 40 მლნ-მდე მოსახლეობას ითვლის, არის ერთ-ერთი წამყვანი რეგიონი სოფლის მეურნეობაში მაღალი ტექნოლოგიების გამოყენების მხრივ. საინტერესო იყო ჩვენთვის ამ რეგიონის გამოცდილებაზე საუბარი ადგილობრივი პარლამენტის თავმჯდომარესთან. ასევე, სინიანი, ამ რეგიონის დედაქალაქი გახლავთ აბრეშუმის გზის საწყისი წერტილი ისტორიულად. ვიზიტი ამ მხრივაც მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველო, როგორც დამაკავშირებელი ჩინეთისა და ევროპის, ერთ-ერთი მთავარი რგოლი აბრეშუმის გზაზე, არის დაინტერესებული, ჰქონდეს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები ჩვენს კოლეგებთან ჩინეთში“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
