LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ჩინეთიდან ღვინის იმპორტიორები ჩამოვიდნენ

63

საქართველოს ჩინეთიდან ღვინის იმპორტიორებისა და ჟურნალისტების ჯგუფი ეწვია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღვინის იმპორტიორებისა და ჟურნალისტების ჯგუფი ჩინეთიდან ერთკვირიანი ვიზიტით საქართველოს ეწვია, რომლის ფარგლებშიც სტუმრები ღვინის მარნებსა და კომპანიებს ქართლში, კახეთში, იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში დაათვალიერებენ.

ღვინის პროფესიონალები ადგილზე დააგემოვნებენ ქართულ ღვინოებს, გაეცნობიან ქართული ტრადიციული მეთოდით ღვინის დამზადების ტექნოლოგიასა და რთველის პროცესს.

სამინისტროს ინფორმაციით, 13-კაციან ჯგუფს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი ხელმძღვანელობს. ღვინის იმპორტიორები ვიზიტის პირველ დღეს თბილისში ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. კომპანიებს მიეცათ შესაძლებლობა წარმოედგინათ საკუთარი პროდუქცი იმპორტიორებისთვის.

დებრა მეიბურგის თქმით, ჯგუფის შემადგენლობაში შედიან იმპორტიორები და ჟურნალისტები ჰონგ-კონგიდან და ჩინეთის სხვა ქალაქებიდან.

„მე ისევ ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს ქვეყანაში ვიმყოფები, რადგან ძალიან მინდა წარვუდგინო ეს ღვინოები აზიის ბაზარს. მინდა კარგად გაიგონ ის კულტურა, რომელიც ამ ღვინოების უკან დგას, ასევე საკვები, ადამიანები, სტუმართმოყვარეობა, თვისებები და ისტორია, რაც ამ ღვინოებს განსაკუთრებულობას სძენს. ჩემთვის ამაღელვებელია რთველის პერიოდში აქ ყოფნა. ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა ყურძენი პირდაპირ ვენახიდან დაგვეგემოვნებინა და შეგვეგრძნო თითოეული კომპონენტი, რომელიც ამ ღვინოებს განსაკუთრებულს ხდის“, – აღნიშნა დებრა მეიბურგმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, მარკეტინგულ სტრატეგიაში ძალიან მნიშვნლოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი, ღვინით დაინტერესებული სტუმარი გაეცნოს ადგილზე უძველეს ქართულ ღვინის კულტურას.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ღვინის პროფესიონალი ჩამოვიდეს საქართველოში. ეს ჯგუფიც სწორედ ასეთი პროფესიონალი ღვინის იმპორტიორებისა და ჟურნალისტებისგან შედგება. მათ მიერ დაწერილი სტატიები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისთვის შესაბამის ბაზრებზე“, – აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

მანვე იმედი გამოთქვა, რომ ამ ვიზიტების შედეგად, აზიის ბაზარზე მომუშავე იმპორტიორებსა და ქართულ ღვინის კომპანიებს შორის ბიზნეს ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება.

სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ღვინის პროფესიონალები შემდეგ ღვინის მარნებსა და კომპანიებს დაათვალიერებენ: „შატო მუხრანი“, „ბადაგონი“, „ვაზიანი კომპანი“, GWS, „შალაურის ღვინის მარანი“, „კახური“, „ჭოტიაშვილის ღვინის მარანი“, „თელავის ღვინის მარანი“, „ფაფარი ველი“, „მარანი ჩუბინი“, „მეღვინეობა ხარება“, „კახური ღვინის მარანი“, „ამირან ვეფხვაძის ღვინის მარანი“, „არჩილ გუნიავას ღვინის მარანი“, „ვარციხის მარანი“, „რამაზ ნიკოლაძის ღვინოები“, „ბაიას ღვინო“ და „ოდა/ზაზა გაგუას ღვინოები“.

სამინისტროს განცხადებით, ჩინეთი ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრად რჩება. 2017 წლის 8 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 5 მლნ-ზე მეტი ბოთლი, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში ჩინეთი მეორე ადგილს იკავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები