LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ორი ახალი ფსიქიატრიული დაწესებულების აშენება იგეგმება

100

პრემიერ მინისტრი მთავრობის სხდომაზე სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა და ასეთ დაწესებულებებში ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განსაკუთრებული კონტროლის დაწესება სთხოვა.

მანვე, რეგიონებში ახალი ფსიქიატრიული დაწესებულებების აშენება დააანონსა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ორი ასეთი ახალი დაწესებულების მშენებლობა იგეგმება. ერთი იქნება სამეგრელოს, ხოლო ერთი – კახეთის რეგიონში.

„მინდა, გთხოვოთ, რომ ყველა ამ ტიპის დაწესებულებაზე განსაკუთრებული კონტროლი დავაწესოთ იმ კუთხით, რომ იქ არიან უმწეო ადამიანები. მათ არ ძალუძთ საკუთარი მდგომარეობის შესახებ ასე ღიად საუბარი და ინფორმაციის ჩვენამდე მოტანა და მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მათ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ორი ასეთი ახალი დაწესებულების მშენებლობას ვგეგმავთ. ერთი იქნება სამეგრელოს, ხოლო ერთი – კახეთის რეგიონში, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეცვლის მდგომარეობას ამ მიმართულებით”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია ამ დაწესებულებაში შექმნილ აბსოლუტურად სავალალო მდგომარეობაზე მიუთითებს.

გიორგი კვირიკაშვილმა სახალხო დამცველს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა.

„სახალხო დამცველის მიერ გამოტანილი ინფორმაცია ჩემთვისაც საგანგაშო იყო. მინდა, ბატონ დავით სერგეენკოს ვთხოვო, მაქსიმალურად დავინტერესდეთ ამ მიმართულებით დაწესებულებებში არსებული მდგომარეობით. ის მიმართულება, რომელიც არის ჩვენთვის საამაყო და რეფორმები, რომლებიც განვახორციელეთ – საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა, ნამდვილად გასაფრთხილებელია. განსაკუთრებით იმ დაწესებულებებში, სადაც უმწეო ადამიანები იკურნებიან, აუცილებელია გაძლიერებული ყურადღება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები