LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საუკუნის კონტრაქტი“ გაგრძელდა

101

ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი აზერბაიჯანში „საუკუნის კონტრაქტის“ ხელშეკრულების გაგრძელების ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ელოშვილი ,,აზერბაიჯანის კასპიის სექტორში არსებული ”აზერის”, ”ჩირაგის”, ”გიუნეშლის” ღრმაწყლიანი საბადოების დამუშავების თაობაზე პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ” (Azeri-Chirag-Deepwater Gunashli Production Sharing Agreement) შეთანხმების გაგრძელების ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გახსნა.

„პირველ რიგში, აზერბაიჯანთან, როგორც ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებაში, მე ხაზს გავუსვამდი განხორციელებულ წარმატებულ სატრანზიტო პროექტებს: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“, „სამხრეთ კავკასიური მილსადენი“ და „ბაქო-თბილისი სუფსის“ მილსადენები, რომლებიც კასპიის რეგიონის ნახშირწყალბადი რესურსების დასავლეთით ტრანსპორტირებას ემსახურებიან. აღნიშნული პროექტების ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის, ნდობისა და პარტნიორობის შედეგია. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ წლების განმავლობაში ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება „აზერის“, „ჩირაღისა“ და „გუნეშლის“ საბადოებიდან ხმელთაშუა ზღვისკენ „ბაქო-თბილისი -ჯეიჰანისა“ და საქართველოში სუფსამდე „ბაქო-სუფსის“ ნავთობსადენებით ხორციელდება. აქედან გამომდინარე, ამ საბადოებთან დაკავშირებული ნებისმიერი პროგრესი პირდაპირ აისახება ჩვენს ეკონომიკურ კეთილდღეობაზე და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე“, – განაცხადა ღონისძიებაზე ილია ელოშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმება აზერბაიჯანში 1994 წლის 20 სექტემბერს, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასა და მსოფლიოს 9 ქვეყნის წარმომადგენელ 11 მსხვილ ნავთობკომპანიას შორის გაფორმდა და “საუკუნის კონტრაქტის“ სახელი ეწოდა. ის წარმოადგენს დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ნავთობის ახალი სტრატეგიისა და დოქტრინის დასაწყისს.

სამინისტროს განცხადებით, პროექტის მონაწილეები არიან ბრიტანული კომპანია BP, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR, ამერიკული კომპანია Chevron, ExxonMobil, Devon Energy და Amerada Hess, იაპონური Inрex Corр და ITOCHU Oil, ნორვეგიული Statoil და თურქული TPAO.

სწორედ აღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში განხორციელდა საქართველოს-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი ორი საექსპორტო ნავთობსადენის პროექტი – ბაქო-სუფსა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები