LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შერჩევითი მართლმსაჯულების ჩაბეტონებას ხელი შეუწყეთ – “ენმ”-ის ბრალდებები პრეზიდენტს

52

“მოკლე და შინაარსისგან დაცლილი”- ასეთია “ნაციონალური მოძრაობის” შეფასება პრეზიდენტის საპარლამენტო მოხსნების თაობაზე. ფრაქციის წარმომადგენელი ნიკა მელია ამბობს, რომ პრეზიდენტს გაცილებით მეტი უნდა ჰქონდეს სათქმელი.

ნიკა მელიამ პრეზიდენტი ერთი საკითხის მიმართ ორი განსხვავებული მიდგომის გამოჩენასა და ამით შერჩევითი მართლმსაჯულების განმტკიცებისთვის ხელშეწყობაში დაადანაშაულა.

“2013 წელს პროკურატურის მოთხოვნით მოხსენით გრიფით საიდუმლო განკარგულებაზე, რომლის მეშვეობით ბრალი წაუყენეს გენერალ ჯანაშიას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, არაფრისთვის 11 წლიანი სასჯელი ემუქრება. ახლა ეს ადამიანი გთხოვთ ძალიან მარტივ რაღაცას – მე რომ წამოვედი სამსახურიდან, მივიდა ჩემს მაგივრად ჩუბინიძე, პრეზიდენტი კვლავ სააკაშვილია და ახლა მოდით იმ განკარგულებებსაც მოხსენით გრიფით საიდუმლო, მაგრამ ამას არ აკეთებთ, როგორ ხსნით ამას, ხელს უწყობთ პირდაპირ შერჩევითი მართლმსაჯულების ჩაბეტონებას,” – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიამ საკუთარ გამოსვლაში ყურადღება სიღარიბეზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ პრობლემასთან დაკავშირებით ხელისუფლების “მარგი ქმედების კოეფიციენტი ნულოვანია”.

“თქვენ მართავთ იმ ქვეყანას, სადაც უკვე ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს და ყოველი მეოთხე ადამიანი ვალით იკვებება, ის ხელისუფლება ხართ, რომელიც მოდიოდა მართვის სადავეებში და ამბობდა, რომ კომუნალურებს შეამცირებდა და საპირისპირო გააკეთეთ. თქვენ ხართ ის ხელისუფლება, რომელმაც ლარი ისტორიულ მინიმუმამდე გააუფასურა, საწვავის ფასი მაქსიმუმამდე გაზარდა, ერთი ლარითაც არ გაზარდა პენსია, მილიარდერი პარტიის თავმჯდომარე გყავთ, დაპირება გქონდათ პენსიის გაზრდის და ლარითაც არ ზრდით მას,” – განაცხადა ნიკა მელიამ.

არაფორმალურ მმართველობაზე ისაუბრა საკუთარ გამოსვლაში “ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, რომან გოცირიძემ. მისი თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური თუ ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული ყველა პრობლემა არაფორმალური მმართველობიდან მომდინარეობს.

“ქვეყანა იმართება მარიონეტის პრინციპით ბატონო პრეზიდენტო, როცა მარიონეტების თეატრში თოჯინები თამაშობენ და ხელით მართავენ, ხანდახან ბავშვებს ძალიან დიდი იმედგაცრუება ემართებათ, როცა დაინახავენ ამ ჩრდილიდან ცუდად შენიღბულ ხელს და ფაქტობრივად გაწბილებულები უბრუნდებიან რეალობას, რომ ეს არის თამაში. თქვენ ვერ დაინახეთ ხელი? ამ სცენაზე ხელიც ჩანს, ყურიც, ცხვირიც, ფეხებიც, დოლარებიც, უფრო მეტიც ამ სცენაზე ხმელეთზე ხეებიც დაიარებიან და ზღვაში დაცურავენ. ეს არის მთელი უბედურების წყარო და იმედია საბოლოო სიტყვაში ამის შესახებ იტყვით,” – განაცხადა რომან გოცირიძემ.

“ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტს მის მიერ გაკრიტიკებული კონსტიტუციის შემდგომში ხელმოწერით ლეგიტიმაცია შეახსენა. თინა ბოკუჩავამ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზეც გაამხვილა ყურადღება და განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილს არ წარმოუდგენია ხედვა, თუ რა უნდა დაუპირისპიროს საქართველომ რუსულ რბილ ძალას.

“რა უნდა დავუპირისპიროთ საქართველოში მომძლავრებულ რუსულ პროპაგანდას, რომელსაც სამწუხაროდ, რიგ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების გადასახადების ფულით აფინანსებს. რა უნდა დავუპირისპიროთ კვირიკაშვილის უპრინციპო განცხადებებს, რომელიც რუსეთის ფედერაციას ფაქტობრივად, მომრიგებლის როლს სთავაზობს. რა უნდა დავუპირისპიროთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევით საუფრთხოების არქიტექტურის მორღვევას, ჩვენი მოქალაქეების გატაცებას, რომელიც ხშირ შემთხვევაში ისე ტრაგიკულად მთავრდება, როგორც ეს მოხდა არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევაში.

სტრატეგიული მოთმინება თუ მშვიდობიანი პრინციპულობა? დიახ, მშვიდობიანი პრინციპულობა, რომელიც არ თმობს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს,”- აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები