LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შს მინისტრი საგამოძიებო კომისიას გამოსაკითხ პირთა არასწორად შერჩევაში ადანაშაულებს

57

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების დეტალებზე შს მინისტრს, გიორგი გახარიას უსმენენ. ძალოვანი უწყების პირველი პირის განმარტებით, კომისიის წევრები მისგან ისეთ საკითხებზე ითხოვენ პასუხებს, რაშიც ის ჩართული არ ყოფილა.

„არასრულწლოვნების საქმესთან დაკავშირებით, სერტიფიცირებულიც არ ვარ. გამოძიებაში მონაწილეობა არ მიმიღია. მხოლოდ საკოორდინაციო ფუნქციას ვასრულებდი და როცა ამას გეუბნებით, არ მისმენთ. თქვენ უკვე დაიბარეთ ისინიც, ვინც პროცესში საერთოდ არ იყო ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი სია გამოგიგზავნეთ იმ პირებისა, ვისაც სრული პასუხების გაცემა შეეძლო. თქვენ დაიბარეთ კახა სირაძე და იოსებ სიგუა. ისინი სერტიფიცირებულები არ ყოფილან და გამოძიებაში არ მიუღიათ მონაწილეობა.

„გამოძიების ფარგლებში თქვენ განსაზღვრეთ, ვისი მოსვლა და მოსმენა გსურდათ. ამაზე დაგთანხმდით. თქვენ იცით, რომ ამ საქმისთვის გაქვთ 3 თვე. მათ კი, ვინც ამ საქმეს იძიებდნენ, ურთულესი გამოძიების საწარმოებლად ჰქონდათ 30 დღე,“ – თქვა გიორგი გახარიამ.

შსს-ს წარმომადგენელი, კახა სირაძე საგამოძიებო კომისიამ 25 და 26 ივნისს გამოკითხა, თბილისის დეტექტივების სამმართველოს უფროსს, იოსებ სიგუას კი პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ 2 ივლისს მოუსმინა.

დღესვე საგამოძიებო კომის​ია იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს გამოკითხავს.

საგამოძიებო კომისია უკვე ფინალურ ეტაპამდეა მისული. კომისიას გამოკითხული ჰყავს 70-ზე მეტი პირი. დასკვნა, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნდება.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა.