LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიკეთის მოტანა შეუძლია გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებლებისთვის – მოგერინის განცხადება სამშვიდობო ინიციატივაზე

81

საქართველოს მთავრობის მიერ დღეს მიღებულ წინადადებათა პაკეტს სიკეთის მოტანა შეუძლია ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის, პრესმდივნის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივასთან ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ დაკავშირებით გაკეთდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ინიციატივებს, რომელთა მიზანი გამყოფ ხაზებზე ხიდების აგება და ჰუმანიტარულ გამოწვევებთან გამკლავებაა.

„საქართველოს მთავრობის მიერ დღეს მიღებულ წინადადებათა პაკეტს სიკეთის მოტანა შეუძლია ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის ვაჭრობის, განათლებისა და მობილობის ხელშეწყობის გზით. ეს წინადადებები სრულად შეესაბამება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჩართულობის იმ პოლიტიკას, რომელსაც რამდენიმე პროექტის ფარგლებში ევროკავშირი დღესაც ახორციელებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ინიციატივებს, რომელთა მიზანი გამყოფ ხაზებზე ხიდების აგება და ჰუმანიტარულ გამოწვევებთან გამკლავებაა. ინტერესით ველით საქართველოს პარლამენტში მოსალოდნელ დისკუსიებს და პროცესის საბოლოო შედეგს“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში და აგრძელებს კონფლიქტის მოგვარებაზე მიმართულ მტკიცე ძალისხმევას; ასევე, არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას საქართველოში, მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოიყენებით, ყოვლისმომცველი მიდგომის ფარგლებში.

განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მთავრობამ დაამტკიცა ახალი სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს. სამშვიდობო „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ სულ 9 საკანონმდებლო აქტში ცვლილებებს ითვალისწინებს.