თამრიკო ჭოხონელიძე გია როინიშვილს აკრიტიკებს – „პირველად ვწერ საჯაროდ…“

85

თამრიკო ჭოხონელიძე ყოფილ მეუღლეს, გია როინიშვილს და მის პოლოტიკურ მოსაზრებებს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოქვეყნებული საჯარო წერილით უპირისპირდება. მომღერლის აღშფოთება ექსმეუღლის მიერ „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო წერილის გამოქვეყნებას მოჰყვა, სადაც მსახიობი აღნიშნავდა: „თბილისელების გარკვეული ნაწილი ისევ არსებულ ტოტალურ კორუფციას უჭერს მხარს…. იმედი მაქვს, ისინი გაცილებით ცოტანი არიან, ვიდრე პროგრესულად მოაზროვნე თბილისელები…. ამ კორუფციაზე ორიენტირებულ ,,საზოგადოებას” ნაკლებად ადარდებს განვითარება, შენება, რეფორმები, უფრო მეტიც, აწყობს ჭაობში წოლა, რადგან სხვა შემთხვევაში ცხოვრების საშუალებას კარგავს: შემოსავალს, გავლენას და ა.შ. უბრალოდ, არ იცის, სხვანაირად როგორ იცხოვროს! თბილისზე ლაპარაკობენ და თბილისს და მთელ საქართველოს წირავენ თვალს და ხელს შუა…. მხოლოდ პირადი კეთილდღეობა – ეს არის მათი მამოძრავებელი, რომელიც სხვამ უნდა შეუქმნას, თავისით, თავისთავის იმედად განწირულები არიან… მათხოვრები მხოლოდ ქუჩაში არ დგანან… ჭაობი უნდა დავძლიოთ, ჩემო თბილისელებო! არა კორუფციას, არა კრიმინალს, არა უნიჭობას, არა პროვინციალიზმს!!!!“

თამრიკო ჭოხონელიძემ ექსმეუღლის მოსაზრებებს ასე უპასუხა:

„უმორჩილესი თხოვნა მაქვს ჟურნალისტებთან, ამ წერილს არ დაარქვან ,,დაპირისპირება” და არც ,,სკანდალი”, ვინაიდან ეს მხოლოდ ტკივილიანი ამოთქმაა იმ რეალობაზე, რომელსაც პირველად ვწერ საჯაროდ (სხვა გზა არ დამიტოვეს- ვეხმაურები საჯარო წერილს)…

მაცხოვარი ხალხს მიმართავს მარიამ მაგდალინელთან მიმართებაში – ვინც თქვენს შორის ყველაზე უცოდველია, პირველი ქვა იმან ესროლოსო…მე არ ვაპირებ იმის გარჩევას, თუ ვის როდის და რა აქვს გაკეთებული კარგი თუ ცუდი…მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს, როგორ მოახერხა წინამორბედმა სისტემამ, რომ ადამიანებს ყველაზე მთავარი წაართვა, ადამიანის სიყვარული, კეთილგონიერება და უდიდესი ზიზღი ამოუტივტივა სულში, რომელსაც დღესაც ვერ ერევიან?! თქვენ იცით,რომ მე არასდროს მიმიყენებია შეურაცხყოფა მათთვის, ვინც საპირისპირო აზრზე თუ პოზიციაზე დგას, რადგან მიმაჩნია, რომ ის ასე ფიქრობს და მორჩა!..და მას აქვს არჩევანის უფლება, ისე, როგორც მე! სამწუხაროდ, არაერთხელ მიმიღია დაუმსახურებელი ტკივილი იმ ადამიანებისგან, ვისგანაც არ უნდა მიმეღო (თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ბევრად მნიშვნელოვანი გვაკავშირებს, ვიდრე სხვა ნებისმიერი მოვლენა), თუმცა არც თავს ვაკადრე და არც მათთვის მიკადრებია პასუხის გაცემა…

ჩემო გია! შენ საჯაროდ გამოთქვი შენი მოსაზრებები შენთვის პოლიტიკურად მიუღებელი ადამიანების მიმართ და ბრალი დასდე მათ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი თქვენნაირად არ ფიქრობენ! ნუთუ არ გვაქვს უფლება, გვქონდეს ჩვენი ხედვა გაგვაჩნდეს, ჩვენი აზრი?! (დემოკრატიულ ქვეყანაში?!) და ვმოქმედებდეთ ისე, როგორც ჩვენ მიგვაჩნია მართებულად?!

კი ბატონო, დაე, ვცდებოდეთ…მაგრამ ასეთი სიძულვილი?! როგორ დავიჯერო, რომ ამ ზიზღის ფონზე, როცა ასე შეუძლიათ საპირისპირო აზრზე მდგარი თავისივე თანამემამულეები ასე უმოწყალოდ ლანძღონ – საღად და გონივრულად წარმართავენ ქვეყნის ავ-კარგს? არავინაა შეცდომებისგან დაზღვეული და ამ 5 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, იყო არაერთი შეცდომა, მაგრამ იმ რეალობას ხომ ვერ გავექცევით, რომ ორჯერ მეტი დრო გქონდათ, თქვენი წინამორბედების შეცდომები გამოგესწორებინათ?! მჯერა, რომ ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ მთავარი გაფუჭდა! ხალხში ერთმანეთის მიმართ ისეთი ზიზღი, შური, გაუტანლობა დათესეთ, რომლის გამოსწორებას ძალიან დიდი დრო დასჭირდება! ვუსმენთ სარეკლამო რგოლებს, დებატებს. ეს რას ჰგავს?!  როგორ ახასიათებენ კონკურენტებს?! მე,რიგით მოქალაქეს როგორ უნდა მქონდეს იმის იმედი, რომ ხვალ ან მე, ან სხვას შემიყვარებთ და ერთად შევუდგებით ქვეყნის და ჩვენი შვილების მომავლის შენებას? სულ გადამეწურა იმედი! გითხარით, არ ვაპირებ ჩამოთვლას, თუ რა გაკეთდა ბოლო წლებში სასიკეთო… თქვენ არ გინდათ დანახვა, თორემ მარტო ციხეებსა და პატიმრების მდგომარეობა შეაფასეთ… ერთი და იგივეა?!.. თუმცა, მე ისევ იქეთ მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო, რასაც დაუნდობლობა და ადამიანების იოლად გულისტკენა ჰქვია! სხვამ თუ არა, გიამ ყველაზე კარგად იცის ის; რასაც პირველად ვკითხავ ასე საჯაროდ (რადგან საჯაროდ მან ისურვა ეს ყველაფერი! შეიძლება თქვას მე არ მიხსენებიხარო, მაგრამ თამაშის დრო რომ არ არის, ეს მეც ვიცი და სხვამაც, ,,კოლმეურნეობის თავმჯდომარის” ამბავია, რადგან მე ვარ ის ერთ-ერთი,ვინც მხარს ვუჭერ კახა კალაძეს და ეს მის მხარდასაჭერ რგოლში გამოჩნდა.. ის მაინც ვიცი რომ ეს კაცი გამარჯვებაზეა ორიენტირებული და არა ზიზღსა თუ ანგარიშსწორებაზე!)

ჩემო გია! 1)მე ვუჭერ ტოტალურ კორუფციას მხარს?! 2)მე ვარ ის, ვინც პროგრესულად ვერ ვაზროვნებ და ამის გამო ვარ უმცირესობაში?! 3) მე,ჩვენი (!) შვილებისა და შვილიშვილების პატრონს ნაკლებად მადარდებს ქვეყნის განვითარება, შენება, რეფორმები? 4)მე მაწყობს ჭაობში წოლა, რადგან სხვა შემთხვევაში ცხოვრების საშუალებას და გავლენას ვკარგავ?! სხვამ თუ არა, შენ მაინც ხომ იცი, რომ ეს ასე არ არის?! 5)მე არ ვიცი, სხვანაირად როგორ ვიცხოვრო?! ხო, არ ვიცი, რადგან მე სიძულვილით ცხოვრება არ შემიძლია!!! 6) მე ვწირავ თბილისს და მთელ საქართველოს?! თანაც პირადი კეთილდღეობისათვის?! მე და პირადი კეთილდღეობა?! ეს შენ ხომ მაინც იცი რომ ასე არ არის?! 7) მე ვუყურებ სხვას, როგორ შემიქმნის კეთილდღეობას?! მე? რომელიც დღე-ღამეს ვასწორებ, რომ ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს სულ უმნიშვნელო ნიადაგი მაინც შევუქმნა იმისათვის, ხვალ თავიანთი საქმე უფრო ღირსეულად აკეთონ?! მაგრამ არც ერთი ხელისუფლების და მით უმეტეს კონკრეტული ადამიანების ხელში შემყურე არასდროს ვყიფილვარ!!! არც ,,თქვენ” დროს (როგორც თავად ამბობთ ხოლმე) და არც ახლა!!! მართლია, ამბობ, რომ უნიჭოები ვართ, კორუმპირებულები, პროვინციალები….ეს ასე არ არის….მოდი, ,,ნაბან წყალს ბავშვს ნუ გადავაყოლებთ…“

მე და შენ ერთი დიდი საერთო განძი გაგვაჩნია- ეს ჩვენი შვილებია! ამიტომ, რაც არ უნდა მოხდეს, მე შენ ვერასდროს გაგწირავ, რადგან სწორედ მაშინ ჩავთვლი თავს ყველაზე ზნედაცემულად და უღირსად! მე იმიტომ გადავწყვიტე, საჯაროდ მეთქვა ეს ყველაფერი, (მით უმეტეს გამოწვევა საჯაროდ იყო), რომ ერთი პატარა ოჯახი სახეა დიდი სახელმწიფოებრივი ოჯახისა და ჩემო ძვირფასებო, მინდა გთხოვოთ, ვისაც განსხვავებული შეხედულებები გაგვაჩნია, მიუხედავად ყველაფრისა, ნუ დაგვავიწყდება, რომ სიძულვილით ვერაფერს ავაშენებთ! ჩვენი ზიზღით და დაუნდობლობით მთავარს ვწირავთ, იმას, რაც ჩვენი შვილების სიყვარულს უტოლდება, ეს ჩვენი საწყალი საქართველოა!

ძალიან გთხოვთ, გამოიჩინეთ კეთილგონიერება და დიდსულოვნება და ისე გაიგეთ ეს წერილი, როგორი გულისტკივილითაც არის დაწერილი. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, მერე რა, რომ მოვხვდი იმათ სიაში, ვინც ასე გაილანძღა! კიდევ კარგი, ამ ყველაფერმა არ დამაკარგვინა უნარი, გავარჩიო ერთნეთისგან კარგი და ცუდი…

მინდა ვისურვო, რაც შეიძლება მეტი ნიჭიერი ადამიანი გამოჩნდეს საქართველის შენების გზაზე… ეჭვიც არ მეპარება, რომ ასე იქნება, აზრთა სხვადასხვაობა კი საინტერსოცაა, უბრალოდ, ეს განსხვავებული აზრებიც ერთ ენაზე ჟღერს და ნუ შევბღალავთ მას ბინძური სიტყვებით, ეს ხომ ჩვენი საამაყო ქართული ენაა!!!

წარმატება მინდა ვუსურვო ყველას, ვინც მზადაა, თავისი ძალები საქართველოს საკეთილდღეოდ მომართოს!!! გია კი ძალიან მალე მინდა ვიხილო იმ სფეროში, სადაც ბევრი აქვს ნაღვაწი, რაც მისია და თან ორი დიდი პედაგოგის – ლილი იოსელიანისა და მიხეილ თუმანიშვილის სკოლასთან ჯერ კიდევ ვალშია! მას კიდევ ბევრი საუკეთესო როლი აქვს წინ!ვ ფიქრობ, სწორედ ამ უაზრო დაპირისპირებების გამო მან ბევრი დრო დაკარგა (ან დააკარგვინეს!). მჯერა, იმ სცენაზე, რომელიც მას ასე უყვარს და ბევრი დასამახსოვრებელი სახე შექმნა, მალე დადგება, თავის საქმეს გააკეთებს! მე კი აუცილებლად მივალ და ბევრ, გულწრფელ ტაშს დავუკრავ! ჩემი ძვირფასო თანამემამულეებო! განურჩევლად პოლიტიკური თუ სხვა მრწამსისა, მაინც ასე მინდა დაგემშვიდობოთ, მიყვარხართ… თან ძალიან!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები