LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი ველომეგობრული ქალაქი ხდება: როდიდან გაიყიდება პირველი ქართული ველოსიპედი

522

თბილისი ეტაპობრივად ველომეგობრული ქალაქი ხდება – მიმდინარე წელს, გასულ წელთან შედარებით, ველოსიპედების გაყიდვა თითქმის 35%-ით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ”ფორტუნას” კომპანია Georgian Bicycle Group-ის დამფუძნებელმა, ბექა კიკნაველიძემ განუცხადა. მისი თქმით, საქართველოში, ბოლო პერიოდში, ველოსიპედზე მოთხოვნის ზრდა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა:

1. ქალაქში თანდათან ვითარდება ველოინფრასტრუქტურა – ეწყობა ველობილიკები, იგეგმება ველოპარკინგების მოწყობა და ა.შ;

2. ველოსიპედი გახდა ტრენდული- საზოგადოება მიხვდა, რომ საჭიროა  ჯანსაღი ცხოვრების წესი;

3. ველოსიპედის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდა ხალხს- ანუ გაიგეს იმ სიკეთეების შესახებ, რაც ამ მექანიკურ მოწყობილობას მოაქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

როგორც Georgian Bicycle Group-ის დამფუძნებელი ამბობს, ველოსიპედებზე მოთხოვნის ზრდას, პროდუქტზე ფასების მატება არ გამოუწვევია. ”თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩვენ იმპორტირებულ პროდუქციას ვყიდით. შესაბამისად, ჩვენი ეროვნული ვალუტის გაუფასურება, ფასებზე ავტომატურად აისახება. დამოკიდებული ვართ ევროსთან მიმართებაში ლარის კურსის სიმყარეზე”, – განმარტა ბექა კიკნაველიძემ.

Georgian Bicycle Group-ის დამფუძნებელმა ”ფორტუნასთან” სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ კომპანია ქართული ველოსიპედის შექმნის პროექტზე კვლავ მუშაობს. ახალი ქართული პროდუქტი სარეალიზაციო ქსელში 2018 წლის პირველ ნახევარში გამოჩნდება. ამასთან, ქართული ველოსიპედის გაყიდვები ადგილობრივი ბაზრის გარდა, უცხოეთშიც განხორციელდება. საექსპორტო ბაზრებად სომხეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი მოიაზრება.

შეგახსენებთ, აღნიშნულ თემაზე ”ფორტუნა” ბექა კიკნაველიძეს მიმდინარე წლის აპრილშიც ესაუბრა. მაშინ ის ამბობდა, პროექტი უდავოდ ინოვაციური იქნება. ”დღეისთვის ველოინდუსტრიაში სამი ზომის თვალი არსებობს: 26, 27,5 და 29 ინჩიანი. თითეული სხვადასხვა სახის ველოსიპედს მიესადაგება. მაგრამ, აუცილებელია, რომ ველოსიპედის ორივე თვალი იდენტური ზომის იყოს. ამის გამო ხშირად მომხმარებლებს უწევთ ჩარჩოს, ან თავად ველოსიპედის გამოცვლა. ჩვენს შემთხვევაში კი საქმე გვაქვს ინოვაციურ მიდგომასთან. ქართული ველოსიპედის უპირატესობა ისაა, რომ კონკრეტულ სახეობაზე შესაძლებელი იქნება სამიდან ნებისმიერი ზომის თვალის დამაგრება ისე, რომ არ დაირღვევა გეომეტრიული წონასწორობა,“ – აღნიშნავდა კომპანიის დამფუძნებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები