LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერიის დაფინანსება 30 მილიონი ლარით იზრდება

43

თბილისის მერიას, დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი გამოეყოფა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომელშიც თბილისის მერი, კახა კალაძე და ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე მონაწილეობდნენ. თანხა დედაქალაქში საავტომობილო გზების რეაბილიტაციას და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების პროექტირებას მოხმარდება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თბილისის მერმა პრემიერმინისტრსა და მთავრობას აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გამოყოფილი დამატებითი ფინანსური რესურსი დედაქალაქში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯება.

დამატებით გამოყოფილი 30 მილიონი ლარი თბილისის მერიას საშუალებას მისცემს, მიმდინარე წელსვე განახორციელოს 2019-2020 წლებისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. ეს კი, დედაქალაქის მუნიციპალიტეტს მომდევნო ორი წლის ბიუჯეტში გამოუთავისუფლებს ფინანსურ რესურსს, რომელიც სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯება.

ეს პროგრამა გაწერილი იყო და უნდა დასრულებულიყო შემდეგი 2 წლის განმავლობაში. იქიდან გამომდინარე, რომ კარგი შედეგები გვაქვს ბიუჯეტის შესრულების კუთხით, მივიღეთ გადაწყვეტილება, წელსვე დავაკორექტიროთ ბიუჯეტი. ეს ნიშნავს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტს ექნება საშუალება, დაიწყოს სპორტულგამაჯანსაღებელი ობიექტების პროექტირება, – აღნიშნა ბახტაძემ.

მინისტრის თქმით, პროექტირების შემდეგ, დაიწყება სპორტული ობიექტების მშენებლობა, რაზეც თანხა მომდევნო წლებში გამოიყოფა. თბილისის გარდა, საუბარია რეგიონებში განსახორციელებელ პროექტებზეც.

 

პოპულალურები