LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ამერიკული ჰოსპიტალის ასაშენებლად 42 მილიონი დაიხარჯება

111

წელს, თბილისში ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობა დაიწყება. საერთაშორისო სტანდარტების ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობის პროექტი, რომელსაც ერთობლივად ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე, “კონტი ჯგუფი“ და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი განახორციელებენ, იმპლემენტაციის შემდეგ ფაზაზე გადადის. დასრულდა ჰოსპიტალის ოპერატორის არჩევის პროცესი და შეთანხმება გაფორმდა „ინოვა ჯანდაცვის სისტემასთან“.

„ინოვასა“ და ამერიკულ ჰოსპიტალს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი დღეს გაფორმდა.

არსებული ინფორმაციით, საქართველოში ამერიკული ჰოსპიტალის პროექტის საინვესტიციო ღირებულება 42 მილიონი დოლარი იქნება. პირველ ეტაპზე, ჰოსპიტალი 80 საწოლზე იქნება გათვლილი და აქცენტს გააკეთებს ისეთ სამედიცინო სერვისებზე, რომელთა განვითარების დონე საქრთველოში დაბალია და კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მისაღებად საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთში უწევთ გამგზავრება.

”ამერიკულ ჰოსპიტალში JCI (Joint Commission International)-ს უმაღლესი ამერიკული სტანდარტები და ტექნოლოგიები დაინერგება, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს. JCI გულისხმობს ყველა იმ ძირითადი პარამეტრის გათვალისწინებას, რასაც თანამედროვე ჰოსპიტალი უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის, ტექნიკური უზრუნველყოფა, სამშენებლო მასალები, აპარატურა, პერსონალის მომზადების ხარისხი, პროცედურების ჩატარების სქემა, ხარისხის კონტროლი და ა.შ. გარდა ამისა, ჰოსპიტალში სამუშაოდ მიიწვევენ ამერიკაში ლიცენზირებულ ქართველ ექიმებს, რომელთაც საშუალება მიეცემათ თავიანთი პროფესიული მოღვაწეობა საქართველოში გააგრძელონ”, – აცხადებენ ”თიბისი ჰოლდინგში”.

მათივე ცნობით, ამერიკული ჰოსპიტალის ბაზაზე დაგეგმილია სამედიცინო ჰაბის შექმნა, სადაც ასევე ჩამოყალიბდება და განვითარდება სასწავლო-სამედიცინო ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს სამედიცინო დარგის პროფესიონალთა მომზადებასა და ქსელის გაფართოებას. ჰოსპიტალი მოემსახურება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად კავკასიის რეგიონს.

ცნობისთვის, „ინოვა ჯანდაცვის სისტემა“ ინტეგრირებული ჰოსპიტალების ქსელს წარმოადგენს, რომელშიც დასაქმებულია 16 000-ზე მეტი ადამიანი და ემსახურება აშშ-ს დედაქალაქის უდიდეს ნაწილს. „ინოვა“ აერთიანებს წამყვან კვლევით ინსტიტუტებს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ონკოლოგია, გულის დაავადებათა ინსტიტუტი, ნეირო-მეცნიერებათა ინსტიტუტი და ბავშვთა ჰოსპიტალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები