LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ლეიშმანიოზით დაავადებული საკმაოდ ბევრი ძაღლია – როგორ დავიცვათ ბავშვები

ზაფხულის პერიოდში ლეიშმანიოზით ინფიცირებული შემთხვევების გამოვლენას სპეციალისტები შემოდგომის ბოლოს ვარაუდობენ.

“დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის” ინფორმაციით, ლეიშმანიოზის შემთხვევების მატების ტენდენცია ჯერჯერობით არ შეინიშნება, რადგან დაავადებას რამდენიმეთვიანი ინკუბაციის პერიოდი ახასიათებს. ამდენად, სპეციალისტები ზაფხულის პერიოდში ინფიცირებული შემთხვევების გამოვლენას ნოემბრის ბოლოდან ელოდებიან.

მათივე ცნობით, ლეიშმანიოზით უმთავრესად ბავშვები ავადდებიან. დაავადების დროს თვითნებური მკურნალობა დაუშვებელია.

უწყების ინფორმაციით, ლეიშმანიოზის შემთხვევები ძირითადად თბილისში და აღმოსავლეთ საქართველოში ფიქსირდება, თუმცა ერთეული შემთხვევები იმერეთშიც გამოვლინდა. 2017 წელს სულ 23 შემთხვევაა რეგისტრირებული, რაც 2016 წელს ინფიცირების შედეგია. 

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის, თქმით, ლეიშმანიოზი ბავშვებში მძიმედ მიმდინარე დაავადებაა და მას ღვიძლის, ელენთის გადიდება ახასიათებს.

„თუ ბავშვს ლეიშმანიოზისთვის დამახასიათებელი ნიშნები შეეტყობა, მშობლებმა აუცილებლად უნდა მიმართონ პარაზიტოლოგს. ამ პრობლემით მიმართვიანობა იზრდება შემოდგომის ბოლოდან მეორე წლის გაზაფხულამდე. საქართველოს პირობებში ვირუსის გადაცემა იწყება ივნისის თვეში და სექტემბრის ბოლომდე გრძელდება. ეს დამოკიდებულია გარემოს ტემპერატურაზე. ერთი სიტყვით, გადაცემის პერიოდად ზაფხული მოიაზრება. დაავადების ინკუბაციური პერიოდი საკმაოდ გრძელია, ამიტომ დაავადების გამოვლინება იწყება მოგვიანებით. ახლა გამოვლენილი ავადმყოფები წინა წელს დაავადებულები არიან, წელს ვინც გახდება ავად, მათი გამოვლინება ჯერ არ დაწყებულა,“ – განაცხადა პაატა იმნაძემ „ფორტუნასთან“საუბრისას.

მისივე ინფორმაციით, ლეიშმანიოზს არც მაღალი სიცხიანობა და არც გამონაყარი არ ახასიათებს.

რაც შეეხება მკურნალობის გზებს, ექიმთა რეკომენდაციით, ავადმყოფისთვის არ არის აუცილებელი პრეპარატების თვითნებურად მიღება. თუმცა არსებობს პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება და, შესაბამისად, მკურნალობა ძალიან შედეგიანია.

პაატა იმნაძე „ფორტუნასთან“ საუბრისას ხაზს უსვამს, რომ ამ დაავადების ძირითად მატარებელი ბუნებაში არიან ტურები, რომლებსაც უშუალო კავშირი ადამიანებთან არ აქვთ. თუმცა, ვინაიდან ადამიანთან ახლოს ძაღლი ცხოვრობს, შესაბამისად, ძირითადი მატარებელიც სწორედ ძაღლია.  

„თუ ვინმეს ავადმყოფი ძაღლი ჰყავს, პირველ რიგში, ეს საშიშია მისი ოჯახის წევრებისთვის, ვინაიდან ბაცილა, რომელიც ლეიშმანიოზის გამავრცელებელია, 300 მეტრის რადიუსით დაფრინავს. დაავადებული ძაღლი მარტივად შესამჩნევია: მათ კანზე გაქეცილი ადგილები უჩნდებათ. სამწუხაროდ, ძაღლებში ლეიშმანიოზი პრინციპში არ იკურნება, მთელ მსოფლიოში ისინი ექვემდებარებიან დაძინებას.  ჩვენი კვლევის თანახმად, თბილისში ლეიშმანიოზით დაავადებული საკმაოდ ბევრი ძაღლია. ბრაზილიელებს გარკვეული ვაქცინა აქვთ სპეციალურად ძაღლებისთვის დაავადების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ საკამათო საკითხია, ბრაზილიური ლეიშმანიოზი რამდენად ეფექტური იქნება ჩვენი ძაღლებისთვის,“ – ამბობს პაატა იმნაძე.

ზოგიერთი მწერი ლეიშმანიოზის გადამტანია, მაგრამ კოღოს არ გადააქვს ლეიშმანიოზი. იგი გადააქვს მწერის სახეობას, რომლებიც კოღოზე ოდნავ პატარაა. იმნაძის თქმით, ჩვენთან ეს მწერები არის გავრცელებული ისევე, როგორც ხმელთაშუა ზღვისპირეთში. 

„ლეიშმანიოზის სხვადასხვა ფორმა არსებობს. ის ფორმა, რომელიც ჩვენთან არის, ასევე გავრცელებულია საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში და ა.შ. ეს დაავადება, ძირითადად, ემართება 4 წლამდე ასაკის ბავშვებს, რადგანაც მათი იმუნური სისტემა ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული. ლეიშმანიოზის ბაცილა შეიძლება, მოხვდეს ორგანიზმში, მაგრამ დაავადება არ განვითარდეს. ძირითადად, ვითარდება ან პატარა ბავშვებში, ან მოზრდილებში, მაგალითად, იმუნოდეფიციტური ან ონკოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებში,“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

სპეციალისტები მოუწოდებენ მშობლებს, ბავშვებში დაავადების გამოვლენისთანავე, სწორი დიაგნოსტიკისა და სწორი მკურნალობისთვის ექიმს დროულად მიმართონ. ასეთ შემთხვევაში, სპეციალისტი გაარკვევს რესპირაციულია ენტეროვირუსი, თუ პარაზიტული დაავადება.

სექტემბერში თბილი ამინდების გამო, ლეიშმანიოზის გადამტანების აქტივობა შესაძლოა თვის ბოლომდე გაგრძელდეს. ასე რომ, დაავადებით ინფიცირების რისკი ჯერ კიდევ არსებობს.

 

თათია კაკიაშვილი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები