LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ვეფხისტყაოსნის მოტივებზე შექმნილი სასტუმრო გაიხსნა

97

თბილისში ვეფხისტყაოსნის მოტივებზე შექმნილი სასტუმრო ხვალ გაიხსნა. სასტუმრო Rustaveli Boutique Hotel  საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის თაოსნობით, ისრაელური კერძო ინვესტიციით შეიქმნა და მისი ინტერიერი ეფუძნება პოემა „ვეფხისტყაოსნის“ მოტივებს.

სასტუმროს ნომრები უკვდავი პოემის გმირებისა და უცხო ენაზე ცნობილი მთარგმნელების სახელს ატარებს, ინტერიერში კი მთავარი ადგილი უჭირავს შოთა რუსთაველისა და ტარიელის მსხვილ, ქვაში გამოსახულ პორტრეტებს.  ერთ-ერთი კედელი ასევე ქვაზე, სამ ენაზე (ქართული, ინგლისური, ებრაული) შესრულებულ რუსთველის აფორიზმებს უკავია.

”სასტუმროში ისრაელიდან ჩამოტანილ იერუსალიმის ქვისგან შექმნილ ქვაფენილს შევყავვართ. პირველივე შიდა ორ სვეტზე სპეციალურ საცავში განთავსებულია ბიბლიის ხუთწიგნეულის უძველესი გამოცემა და ვეფხისტყაოსნის ხელნაწერი. სასტუმროში მოეწყო, აგრეთვე, ბიბლიოთეკა, სადაც სტუმარს შეეძლება გაეცნოს ლიტერატურას საქართველოსა და ისრაელის შესახებ, ვეფხისტყაოსნის უცხოურ თარგმანებს, კლასიკოსების შემოქმედებას, ხოლო მონიტორებზე იტრიალებს ვიდეორგოლები საქართველოს კულტურის, ხელოვნების, არქეოლოგიისა და ტურისტული პოტენციალის შესახებ”, – აცხადებენ სასტუმროს მენეჯმენტში.

მათივე ინფორმაციით, სტუმრებსა და თბილისის ვიზიტორებს სასტუმროში მოემსახურება ახლად შექმნილი კაფე-გალერეა „ფრეშ“, რომელიც მათ მხოლოდ ჯანსაღ კერძებს შესთავაზებს. კაფე-რესტორანს სპეციალურად იტალიიდან მოწვეული შეფ-მზარეული გაუძღვება. სასტუმროს აქვს  ასევე 80-კაციანი დარბაზი და ბარი. დღის ბოლოს კი სტუმრებისთვის ჯაზისა და კლასიკური მუსიკის საღამოები გაიმართება.

საქართველოს კულტურისა და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, სასტუმროს ვიზიტორებისათვის (და არა მხოლოდ) შეიქმნა ორი პროექტი: კულტურისა და ექსკლუზიური „ველნეს“ ტურები. ტურებს მოემსახურებიან კვალიფიციური გიდები და ისრაელში სტაჟირებული სამედიცინო პერსონალი.

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის, იციკ მოშეს განცხადებით, შეიქმნა მცირე ბუტიკ-სასტუმრო, თუმცა მასში ჩაიდო 3,5 მილიონი პირადი ინვესტიცია ისრაელიდან, რაც კიდევ ერთხელ იმაზე მიანიშნებს, რომ ინვესტორები ისრაელიდან საქართველოში ორიენტირებულნი არიან მაღალი დონის პროდუქციის შექმნაზე.

„სასტუმრო შეიქმნა ვეფხისტყაოსნის მოტივების მიხედვით და ამით ხაზი გაესვა, რომსაქართველო არის არა მხოლოდ კულინარიისა და ხედების, არამედ კულტურის ქვეყანა. აქ შემოსულ თითოეულ სტუმარს ეცოდინება რუსთაველისა და მისი პოემის შესახებ, გაეცნობა როგორც უძველეს, ასევე თანამედროვე ქართულ კულტურას, მიიღებს მაღალი დონის მომსახურებას, მოუსმენს ჯაზს, კლასიკურ მუსიკას, მიირთმევს მხოლოდ ჯანსაღ კერძებსა და სასმელს“, – განაცხადა იციკ მოშემ.

ცნობისთვის,  ამჟამად საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ეგიდით თბილისში მაღალი კლასის სასტუმროების ხუთი პროექტი მიმდინარეობს. „Rustaveli Boutique Hotel“ ერთ-ერთი მათგანია, დანარჩენი კი რამდენიმე თვეში დასრულდება. ისრაელური ინვესტიციით პროექტების განხორციელება 2015 წლის აგვისტოში იერუსალიმში, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის თაოსნობითა და თბილისის მერის მონაწილეობით ჩატარებულ ბიზნეს ფორუმზე გადაწყდა. ხუთივე პროექტის ჯამური ინვესტიცია 100 მლნ დოლარს აღწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები