LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თევზის ხინკალი, პილმენები და კატლეტი: ”უმალი” ინოვაციური პროდუქციით შემოდის

611

თევზის სალათები, თევზის ხინკალი, პილმენები და კატლეტი – ეს იმ პროდუქციის მცირე ჩამონათვალია, რომელიც ბაზარზე ”უმალის” ბრენდის ქვეშ გამოჩნდა. პროდუქციას შპს ”ახალი თევზი” აწარმოებს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დირექტორმა, ომარ ჭიღლაძემ განუცხადა, უახლოეს მომავალში, ”ახალი თევზი” სრულიად ინოვაციური პროდუქციის წარმოებასაც დაიწყებს, როგორიც აქამდე ქართული თევზის ბაზარზე არ ყოფილა.

”ჩვენი მთავარი მიზანია, საქართველოში თევზის მოხმარება გავზარდოთ. ამ ეტაპზე ჩვენი მოსახლეობის მხოლოდ 6-7% მოიხმარს თევზს, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ამიტომ, ”უმალის” პროდუქციით ვეცდებით, მომხმარებელს ვაჩვენით, თუ რა გემრიელი და სასარგებლოა ადგილობრივი წარმოების თევზპროდუქტები. ამასთან, გვინდა, რომ იმპორტირებული პროდუქცია სრულად ჩავანაცვლოთ. ”უმალის” პროდუქციის უპირატესობა ძალიან მაღალი ხარისხი და მისაღები ფასებია. ვცდილობთ, ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი პროდუქცია”, – განმარტა ომარ ჭიღლაძემ.

მისივე ინფორმაციით, ”შპს ახალი თევზი” ნედლეულს ადგილობრივი ბაზრისგან ყიდულობს, შემდეგ ამუშავებს და ”უმალის” სახელით აწარმოებს. ”ვფიქრობთ, ჩვენი საწარმოს გახსნით ხელს შევუწყობთ ადგილობრივ ფერმერებს და სტიმულს მივცემთ, რომ კიდევ უფრო დიდი ოდენობით მოაშენონ თევზი, რადგან რეალიზაციის პრობლემა არ ექნებათ და ჩვენ ჩავიბარებთ მათ თევზს. ვთანამშრომლობთ ადგილობრივ თევზსაშენებთან. ჩვენს საწარმოს დღიურად 5 ტონა თევზის გადამუშავება შეუძლია”, – განმარტა კომპანიის დირექტორმა.

როგორც ომარ ჭიღლაძე ამბობს, კომპანია სამომავლოდ პროდუქციის გატანას ექსპორტზეც გეგმავს, საექსპორტო ბაზრებად ევროპა და მეზობელი ქვეყნები მოიაზრება. მანამდე კი შპს ”ახალმა თევზმა” ISO-ს სერთიფიკატი უნდა მოიპოვოს, რაზეც მუშაობა, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, უკვე დაწყებულია.

ცნობისთვის, შპს ”ახალი თევზის” ქარხანა ქარელში მიმდინარე წლის 14 ივლისს გაიხსნა. აღნიშნული საწარმო „ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში შეიქმნა და მასში ჯამში 1,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. შპს ”ახალი თევზი” წლიურად 150 ტონა სხვადასხვა სახეობის თევზისა და ხიზილალას წარმოებას გეგმავს. საწარმოში ამ ეტაპზე 45 ადამიანია დასაქმებული, წლის ბოლომდე კი მათი რიცხვი 100-ამდე გაიზრდება. რაც შეეხება რეალიზაციას, ამ ეტაპზე ”უმალის” ბრენდის ქვეშ თევსპროდუქტები ქარელის რაიონის თითქმის ყველა მაღაზიაში იყიდება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა სავაჭრო ქსელებთანაც და მალე, ადგილობრივი წარმოების ქართული თევზი დედაქალაქსა და საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიყიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები