LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ დგას ხეების ჭრის უკან: გადაწყვეტილება მომავალ კვირაში გახდება ცნობილი

127

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე 7 აპრილს ხეების გადაბელვა პარტიზანმა მებაღეებმა და ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გააპროტესტეს და გადაბელვის პროცესი ცოცხალი ძალით შეაჩერეს.
საპატრულო პოლიციამ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლიაო

6 აპრილს პარტიზანმა მებაღეებმა ”ფეისბუქ” გვერდზე თამარაშვილის ქუჩის ერთ-ერთი მაცხოვრებლის შეტყობინება მიიღეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ თამარაშვილის 13 ნომერში 2 წიწვოვანი ხე მოჭრა. 7 აპრილს პარტიზანი მებაღე ანი ქავთარაძე ადგილზე მივიდა. როგორც მან ”ფორტუნასთან” განაცხადა, კომპანიის დავალებით 2 ჭადრის გადაბელვა მიმდინარეობდა, იქვე იმყოფებოდა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი და საპატრულო პოლიცია, თუმცა არცერთი მათგანი არ ცდილობდა გადაბელვის პროცესის შეჩერებას.

”მე რომ მივედი, ტერიტორია დაკეტილი დამხვდა, ღობის გარეთ იდგა ერთი პარტიზანი მებაღე, შიგნით იმყოფებოდნენ ხის მჭრელები, მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები და საპატრულო პოლიცია. კარი გავაღებინეთ და შიგნით შევედით. მოვითხოვეთ პროცესის შეჩერება. ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა გვითხრა, სიტუაციაში გასარკვევად მოვედით და ალბათ შევაჩერებთ პროცესსო, საპატრულო პოლიციამ კი გამოგვიცხადა, ნებართვა აქვთ და ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლიაო” – აცხადებს ანა ქავთარაძე.
ხეების მოჭრაზე ნებართვა 2015 წელს არის გაცემული

პარტიზანი მებაღეებისა და ადგილობრივი მაცხოვრებლების მოთხოვნის მიუხედავად, ზედამხედველობის სამსახურმა და საპატრულო პოლიციამ ხეების გადაბელვის პროცესი არ შეაჩერა. საპატრულო პოლიციამ მოსახლეობას წარუდგინა საბუთები და განუცხადა: ”კომპანიას აქვს გადაბელვის ნებართვა და ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია.”

როგორც აღმოჩნდა, ნებართვა გაცემული აქვს თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს 2015 წელს. ნებართვას ხელს აწერს გამწვანების საქალაქო სამსახურის მაშინდელი უფროსი ბიძინა გიორგობიანი. ნებართვას ქმედითუუნარო უწოდეს პარტიზანმა მებაღეებმა და მოსახლეობასთან ერთად ცოცხალი ძალით შეაჩერეს ხეების გადაბელვის პროცესი.

„მე რომ ნებართვის ჩვენება მოვთხოვე, მაჩვენეს იგივე ნებართვა, რომელიც 2015 წელს გვაჩვენეს, როცა ვაპროტესტებდით მაგ ტერიტორიაზე ხეების მოჭრას. ნებართვაზე იყო ბიძინა გიორგიბიანის ხელმოწერა. ამ ნებართვით მაშინაც არ ჰქონდათ ხეების მოჭრის უფლება და ჩვენ შევაჩერეთ. მეორე ხის გადაბელვის დროს, ფიზიკურად ავედი ამწეზე და ძალით გავყარეთ ეს ხალხი” – განმარტავს ”ფორტუნასთან” ანა ქავთარაძე.

ზეპირად არ მახსოვს რომელი კომპანიაა

”ფორტუნა” თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსს, გიორგი წერეთელს დაუკავშირდა. მისი თქმით, თამარაშვილის ქუჩაზე სამშენებლო კომპანია კანონის ფარგლებში მოქმედებდა და ამ ეტაპზე კომპანიის წარმომადგენლებს ხეების მოჭრის უფლება აქვთ.

”ბატონ ბიძინას 2015 წელს აქვს გაცემული შესაბამისი ნებართვა თამარაშვილის ქუჩაზე ხეების მოჭრაზე. ჯერჯერობით მაგ ტერიტორიაზე კომპანიას ხის მოჭრის უფლება აქვს, თუმცა არ მოჭრილა არცერთი ხე, მხოლოდ 2 ჭადარი გადაიბელა”, – აცხადებს გიორგი წერეთელი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე თამარაშვილის 13 ნომერში ყველანაირი პროცესი შეჩერებულია და აღნიშნული საქმის განხილვა მიმდინარეობს. საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გახდება ცნობილი. გიორგი წერეთელისთვის უცნობია რომელი სამშენებლო კომპანიის მფლობელობაშია აღნიშნული ტერიტორია.

”მაპატიეთ, მაგრამ ასე ზეპირად ნამდვილად არ მახსოვს რომელი კომპანიაა” – აცხადებს წერეთელი.


ხეების გადაბელვა კანონით აკრძალული საქმიანობაა

გადაბელვა ხის მთლიან ვარჯზე ან მის ნაწილზე ძლიერი ტოტების შემოკლებას ან მთლიანად მოშორებას გულისხმობს. გადაბელვის პროცესს მოჰყვება ნეგატიური შედეგები: გადაბელვის ადგილებში წყდება საკვები მინერალებით მომარაგება და ზრდა, ხის ვარჯის გადაბელილი ადგილები კვდება და იწყება ლპობის პროცესი, ირღვევა წონასწორობა ფესვებსა და ვარჯს შორის, მოსალოდნელია ხის გადატეხვის საშიშროების ზრდა და მისი მდგრადობის შემცირება.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე, გადაბელვა დაუშვებელია, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა.

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურში არ აკონკრეტებენ, რა აუცილებელი საჭიროების გამო მოხდა თამარაშვილის 13 ნომერში სამშენებლო კომპანიის მიერ ხეების გადაბელვა.

 

გვანცა ბზიავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები