LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლსკი: მუხტარლის საქმეზე გამოძიებასთან შეკითხვები არსებობს

46

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ამბობს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმეზე გამოძიებასთან შეკითხვები აქვს. დეპუტატს იმედი აქვს, რომ უახლოეს მომავალში გამოძიებაში ჩახედული პირები  მეტ განმარტებას გააკეთებენ საქართველოდან მუხტარლის გაუჩინარებაზე. ამასთან, ვოლსკი ამბობს, რომ მუხტარლის გაუჩინარებაზე პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” არ უნდა დაეკისროს.

“ადამიანი ცენტრიდან გაიტაცეს და არც ერთი მოწმე არ აღმოჩნდა, არც ერთ ჩანაწერში ეს არ ფიგურირებს. გარკვეულ ეჭვებს ბადებს ის ბრალდებები, რომელიც აფგან მუხტარლის მეუღლის მხრიდან გაისმის. დიდი იმედი მაქვს, რომ გამოძიებაში ჩახედული, პირები უახლოეს პერიოდში მეტ განმარტებას მოგვცემენ”, – თქვა ვოლსკიმ და დასძინა, რომ აზერბაიჯანის სასამართლოს მიერ მუხტარლიზე მიღებულ გადაწყვეტილებას ვერ შეაფასებს.

12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხტარლის 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში, საზღვარზე 10,000 ევროს არადეკლარირებულად გადატანასა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედება ბრალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები