LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წავაგეთ, მაგრამ მოგებულები დავრჩით: აკროპოლისი ჩვენია

41

ორ დღეში ევროპის ორი გრანდის დამარცხებისა და „აკროპოლისის თასის“ ნაადრევად მოგების შემდეგ, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა გუნდის ძირითადი შემადგენლობის დასვენება გადაწყვიტა. თორნიკე შენგელიას სათამაშო ფორმა არ ჩაუცვამს, სასტარტო ხუთეულის დანარჩენმა წევრებმა კი მათთვის საშუალოზე ნაკლები დროით ითამაშეს.

ილიაზ ზუროსს ფრიადი მიზეზი ჰქონდა, გუნდის სრული არსენალი არ გამოეყენებინა. ერთი, რომ ძლიერ მეტოქეებთან ბრძოლით დაღლილი მოთამაშეები დაასვენა და მეორე და მთავარი: იტალია ჩვენი მეტოქეა ევრობასკეტზე და ცხადია, სრული შესაძლებლობების წარმოჩენა არც ერთ გუნდს არ აწყობდა.

შესაბამისად, სათამაშო დრო ერგოთ სათადარიგოებს – მიხეილ ბერიშვილს, ილია ლონდარიძეს, გოგა ბითაძეს, ანატოლი ბოისას, გიორგი გამყრელიძეს, რომლებმაც დაკისრებულ ამოცანას თავი კარგად გაართვეს. ამ ბიჭებმა ღირსეულად ითამაშეს ევროპის წამყვანი ნაკრების წინაშე და ტოლი არაფერში დაუთმეს იტალიელებს.

პირველი ნახევრის 10 ქულით წაგების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მე-3 პერიოდი 24:17 მოიგო და ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა – 55:58. ბოლო პერიოდში თანაბარი ბრძოლა გაგრძელდა. გუნდები ბოლო წუთებამდე თითქმის თანაბრად მივიდნენ, გადამწყვეტ წუთებში კი მარკო ბელინელის ორმა სამქულიანმა იტალიელები ხელჩასაჭიდი სხვაობით დააწინაურა, საბოლოოდ კი მატჩი აპენინელთა გამარჯვებით – 73:65 დასრულდა.

14 ქულითა და 9 მოხსნით საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი გიორგი შერმადინმა დააფიქსირა. 11 ქულა და 4 პასი ჰქონდა გიორგი ცინცაძეს. 10 ქულით ქართველებს მაიკლ დიქსონი შეეწია. იტალიაში 17 ქულით ბომბარდირი გახდა პიეტრო არადორი. მარკო ბელინელიმ 16 ქულა მიითვალა.

დაჯილდოვების ცერემონიალი ტურნირის ბოლო მატჩის: საბერძნეთი – სერბეთის დასრულების შემდეგ იყო დაგეგმილი, მაგრამ ორგანიზატორებმა იტალია-საქართველოს შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოიტანეს მთავარი ტიტული და ამ შეხვედრაში ჩვენი ნაკრების კაპიტანს – მანუჩარ მარკოიშვილს გადასცეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები