LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს აივ-ინფექციით საქართველოში 663 ადამიანი დაინფიცირდა

212

საქართველოში 2016 წელს აივ-ინფექციით 663 ადამიანი დაინფიცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და  კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი ავრცელებს.

მსოფლიო სტატისტიკით, საქართველო აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულების რაოდენობის მიხედვით ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა, თუმცა დაავადებულების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბიდან გამომდინარე შემაშფოთებელია – ჩვენს ქვეყანაში აღნიშნული ვირუსით 7 ათასი ადამიანია ინფიცირებული.

როგორც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და  კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ეპიდემიოლოგმა მაია ცინცაძემ „ფორტუნასთან“ საუბარში აღნიშნა, 2015 წელთან შედარებით დაინფიცირებულთა რაოდენობა მზარდია, თუმცა ეს მაჩვენებელი კატასტროფული არ არის.

„უკვე გამოვლენილია 663 შემთხვევა, ამ მაჩვენებელს შარშანდელ პერიოდს თუ შევადარებთ, დაახლოებით 30-35 შემთხვევით მეტია, კატასტროფული მაჩვენებელი არ არის, თუმცა ეს არ გვაძლებს დამშვიდების საშუალებას, რადგან ტენდენცია მაინც მზარდი ხასიათის არის,“ – ამბობს მაია ცინცაძე.

hiv-aids-myths-and-facts-s1-photo-of-blood-vessel-interior-with-hivაივ-ინფექციით დაავადების შემდეგ ვირუსი ადამიანის ორგანიზმში სოციცხლის ბოლომდე რჩება.  ტერმინ „შიდსით“ აღინიშნება აივ-ინფექციის ბოლო სტადია, როდესაც ვირუსის მოქმედების ფონზე იმუნიტეტი ნელ-ნელა იხარჯება და გადადის დეფიციტურ მდგომარეობაში. მაია ცინცაძის თქმით, აივ-ინფექციით ინფიცირებული ადამიანი არის ვირუსის მატარებელი და ბევრად უფრო ეფექტურია მკურნალობა ამ დროს, ვიდრე მაშინ, როდესაც შიდსის შემთხვევა ფიქსირდება.

„ისევე როგორც სხვა დაავადებების დროს, აივ-ინფექციაც გამონაკლისს არ წარმოადგენს და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, დაავადების დროულ დიაგნოსტიკას. რაც უფრო დროულად არის დაავადება გამოვლენილი, უფრო დროულად არის დაწყებული მკურნალობაც, თუმცა ამ შემთხვევაშიც, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის რეჟიმის დაცვას, იმისთვის, რომ შედეგი იყოს ძალიან ეფექტური. მკურნალობა არის ძალიან კარგი იმ მხრივ, რომ აეროთერაპიის ფონზე ვირუსი არაგანსაზღვრადი ხდება სისხლში, ამიტომ ისეთი პაციენტები, რომლებიც მკურნალობის კურსს გადიან, გადამდებლობის თვალსაზრისითაც ნაკლებ საშიშროებას წარმოადგენენ. მკურნალობის შემდეგ იმუნიტეტი ძლიერდება, მისი სიცოცხლის ხარისხი უფრო მაღალია და ამიტომ ხანგრძლივდება ავადმყოფის სიცოცხლეც,“ – ამბობს მაია ცინცაძე.

საქართველოს მოქალაქეებში აივ-ინფიცირებული ან შიდსით დაავადებული ადამიანებისთვის პირველადი ანალიზიც და შემდგომი მკურნალობის პროცესიც არის სრულიად უფასო. როგორც მაია ცინცაძემ აღნიშნა, ყველა ხარჯი რეგულირდება როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ.

„მკურნალობა არის უფასო, ერთადერთია, რომ აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობის რეჟიმის ზედმიწევნით დაცვა,“ – განმარტავს ეპიდემიოლოგი.

 

ავტორი გვანცა ბზიავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები