LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაფხულში თელავში ახალი სასტუმრო გაიხსნება

98

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტს კიდევ ერთი ბენეფიციარი შეემატა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, მორიგი ბენეფიციარი, შპს „სამეფო“ სასტუმროს მშენებლობას შეძლებს.

შპს „სამეფო“, პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“  ფარგლებში, ფინანსური მხარდაჭერით  სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში კომპანიის საპროცენტო განაკვეთის უმეტეს ნაწილს,  მეწარმეობის განვითარების სააგენტო თანადაფინანსების სახით დაფარავს.

სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ჯამური ინვესტიცია 1 278 020 ლარს შეადგენს.  სასტუმროში კი, რომელიც 2017 წლის ივნისის თვეში გაიხსნება, 39 ადამიანი დასაქმდება.  

ახალი სასტუმრო თელავში (კავკასიონის №33) გაიხსნება და სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურებასთან ერთად კეთილმოწყობილ გარემოს  შესთავაზებს.

მოცემული ეტაპისათვის, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში  სახელმწიფომ უკვე მხარი დაუჭირა ქვეყნის მასშტაბით 18 მაღალი სტანდარტის მქონე სასტუმროს მშენებლობას, რომელიც დამატებით 400-ზე მეტ ოთახს შექმნის, როგორც საერთაშორისო, ასევე, ადგილობრივი ვიზიტორებისთვის და 500-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს.

ახალი პროგრამის ამოქმედებიდან სულ მცირე დროში, პროგრამის ბენეფიციარების რიცხვი საგრძნობლად მატულობს.

 2016 წლიდან სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტი დაემატა, რომელიც მეწარმეებს შესა­ძლებლობას აძლევს რეგიონებში განავითაროს სასტუმრო ბიზნესი, შექმნას სამუშაო ადგილები, მოიზიდოს მეტი დამსვენებელი და ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას. ახალი კომპონენტი მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებსა და საკონსულტაციო მომსახურებას და ამასთანავე, ხდება წარმატებული საერთაშორისო ბრენდების გამოცდილების დანერგვა ე.წ „ფრანჩაიზინგის“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახადების თანადაფინანსებით.