LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზედოზირებით გარდაცვლილებს შესაძლოა, წესი არ აუგონ – როგორია სხვა ქვეყნების მართლმადიდებელი ეკლესიების გამოცდილება

ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების დროს გარდაცვლილ ადამიანებს შესაძლოა, წესი აღარ აუგონ. მსგავსი შემთხვევების დროს ეკლესიური წესის აღსრულების საკითხი სინოდის სხდომაზე წამოიჭრა. სინოდის განჩინებაში ვკითხულობთ: “კრებამ იმსჯელა და დაადგინა: შეიქმნას კომისია აღნიშნულ და სხვა დამამძიმებელ გარემოებათა გამო საკითხების საეკლესიო ერთიანი პოზიციის შესამუშავებლად.”

“ფორტუნა” დაინტერესდა, რა გამოცდილება აქვთ სხვა ქვეყნების მართლმადიდებელ ეკლესიებს ამ კუთხით. თეოლოგი გურამ ლურსმანაშვილი “ფორტუნასთან” ამბობს, რომ ამ საკითხზე არცერთ მსოფლიო კრებას არ უმსჯელია, მაგრამ ზოგადად, მოცემულობა მარტივია – გარდაცვლილს მართლმადიდებლური წესის მიხევდით, სასულიერო პირებმა წესი უნდა აუგონ, რადგან ეს მათი მოვალეობაა.

“საბერძნეთის ეკლესიაში, როცა ადამიანი გარდაიცვლება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების შედეგად, მას წესს ულაპარაკოდ უგებენ, ამის განხილვა არ ხდება. მიზეზი, თუ რატომ უგებენ, ძალიან მარტივად იხსნება: მე რაც მაქვს დაკისრებული მოვალეობა, რომ წესი ავუგო, მოვიხსენიო – ეს შევასრულე. იქ რა და როგორ იქნება, ჩემი გადასაწყვეტი არაა, არ ვერევი ღმერთის კომპეტენციაში – ამას გეტყვით ნებისმიერი სასულიერო პირი. საბერძნეთში არ განიხილება ადამიანი ნარკოტიკის მომხმარებელი იყო, მემთვრალე თუ სხვა, ყველა შემთხვევაში მართლმადიდებელ ადამიანს გარდაცვალების შემდეგ წესს უგებენ,” – ამბობს გურამ ლურსმანაშვილი.

საქართველოს შემთხვევაში თვითმკვლელობა ის გამონაკლისია, როცა გარდაცვლილ მართლმადიდებელს წესს არ უგებენ, თუმცა გურამ ლურსმანაშვილი მიიჩნევს, რომ ნარკოტიკების მოხმარებასა და სუიციდს შორის ტოლობის ნიშნის დასმა საფრთხილოა, რადგან ნარკოტიკის მსგავს ზიანს შესაძლოა, გვაყენებდეს ასევე სხვა, დაშვებული ნივთიერებების ჭარბად მიღებაც.

“ნარკოტიკი ნელი ტემპის სიკვდილს იწვევს, რაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს ჭარბმა ყავის მიღებამ, არაჯსანსაღმა საკვებმა და ა.შ. შეუძლებელია ადამიანს სასჯელი დავადოთ, რომ თავის მოკვლა აქვს განზრახული მხოლოდ იმიტომ, რომ დავუშვათ, ეწევა მარიხუანას. საეკლესიო სამართალი ყველაფერს უყურებს ასე – პირველი საკითხი ყველაფერში არის მოტივაცია, თუ რატომ ჩადის ადამიანი კონკრეტულ ქმედებას. შეიძლება შედეგი იყოს ფატალური, მაგრამ საეკლესიო სამართალი უყურებს მოტივაციას და ესაა კაზუსი, რომელიც როგორც წესი, არ ირღვევა არასდროს,” – აღნიშნავს გურამ ლურსმანაშვილი.

თეოლოგი განმარტავს, რომ საქართველოში წესის აგებასთან დაკავშირებით მორწმუნეების დიდ ნაწილს არასწორი მიდგომა აქვს.

“ცალსახად განიხილავენ, რომ ვისაც წესი აგებული არ აქვს, არ ცხონდება, ეს არასწორი მიდგომაა. თვითმკვლელობის შემთხვევაში იწყება ხოლმე გამალებული სირბილი, რომ როგორმე მღვდელი მონახონ, რომელიც წესს აუგებს. არ შეიძლება კონკრეტულად ამ რიტუალზე დავიყვანოთ მთელი მისტიკა. წესის აგება არის ლოცვა გარდაცვლილისა და მისი ცოცხალი ახლობლებისთვის,” – ამბობს გურამ ლურსმანაშვილი.

თაკო ივანიაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები