ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებისა და საზღვარგარეთ მყოფი პირებისთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების უფასოდ მიღების მორიგი აქციები 1 აპრილიდან დაიწყო.
1 აპრილიდან 1 მაისამდე, მოქალაქეები უფასოდ მიიღებენ როგორც პირადობის მოწმობას, ასევე ბიომეტრიულ პასპორტს. ეს ეხება საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად ფლობენ უვადო, ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას და ამ დრომდე მათ სახელზე არასდროს გაცემულა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა.
1 მაისამდე დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან, როგორც პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის, ისე ფოტოსურათის გადაღებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისგან.
2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი საარჩევნო სია მოქმედებს და ის ბიომეტრიულ დოკუმენტებს ეფუძნება.