LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1-ელი ივნისიდან დამსაქმებელი ვალდებული იქნება, დასაქმებული მძიმე ტვირთის ხელით აწევისგან დაიცვას

3315
Untitled design

1-ელი ივნისიდან დამსაქმებელი ვალდებული გახდება, დასაქმებული მძიმე ტვირთის ხელით აწევისგან დაიცვას – ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. ბექა ფერაძის თქმით, საქართველოს მთავრობამ „ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, დამსაქმებელი ვალდებული გახდება, სათანადო ზომები მიიღოს, ან გამოიყენოს მექანიკური მოწყობილობები, რათა დასაქმებულთა მიერ ტვირთის ხელით აწევის აუცილებლობა თავიდან აიცილოს.

ბექა ფერაძის განმარტებით, თუ დამსაქმებელი დადგენილ ნორმებს დაარღვევს, შესაბამისი სანქცირების მექანიზმები განხორციელდება:

„სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით 2 მილიონამდე ინციდენტია აღრიცხული, საიდანაც ხელით შრომასთან 18%-ია დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, საქართველოში ტექნიკური რეგლამენტი დაეფუძნა შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონს, რომლის მიზანი დასაქმებული ადამიანებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაა.

დამსაქმებლებისა და კომპანიების მიმართ გარკვეული ვალდებულებები განისაზღვრა.

ტექნიკური რეგლამენტის ძირითადი მიზანია შემდეგი: თუ არსებობს სამუშაო, სადაც ადამიანებს ფიზიკურად, ხელით უწევს ტვირთის გადაადგილება და არსებობს მექანიკური მოწყობილობა, რომელიც ამას ჩაანაცვლებს, შრომის ინსპექციას ეძლევა უფლებამოსილება, მოსთხოვოს დამსაქმებელს, რომ მექანიკური მოწყობილობა გამოიყენოს, აირიდოს ადამიანის მიერ ხელით შესრულებული ის სამუშაო, რომელსაც მანქანა-დანადგარი შეასრულებდა.

დამსაქმებელმა უპირატესობა უნდა მიანიჭოს ტექნოლოგიურ პროცესს, რათა ტვირთის ხელით გადაადგილება და აწევა აუცილებელი არ იყოს.ამას გააკონტროლებს შრომის ინსპექცია.

იმ შემთხვევებში, თუ გამოჩნდება, რომ ფიზიკურად არსებობს ისეთი გადაჭრის გზები, რომელიც პირს ხელით ტვირთის გადაზიდვის საშუალებას აარიდებს და დამსაქმებელი არ ახორციელებს ამ ღონისძიებას, ამ შემთხვევაში შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონიდან გამომდინარე შესაბამისი სანქცირების მექანიზმები განხორციელდება.

შრომის ინსპექციის ცხელი ხაზია 15 75. არამხოლოდ ამ რეგლამენტით, ნებისმიერი უსაფრთხოების, თუ შრომის უფლებების დარღვევის შემთხვევაში ნებისმიერ დასაქმებულ ადამიანს შეუძლია მოგვმართოს, კონფიდენციალურობის დაცვის გარანტია არსებობს.

თუ დაინტერესებულ პირს არ სურს, რომ მისი ვინაობა გამჟღავნდეს, ჩვენ ინსპექტირებას განვახორციელებთ, თუმცა საჩივრის ავტორის ვინაობა კონფიდენციალური იქნება. ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, მოგვმართოს ელექტრონული ფორმით. შრომის ინსპექცია კომპანიების შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმურად ახორციელებს. გეგმურ შემოწმებას ვახორციელებთ შრომის უსაფრთხოების, ასევე შრომის უფლებების მიმართულებით“, – განაცხადა ბექა ფერაძემ „ინტერპრესნიუსთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g