2022 წლის პირველი თებერვლიდან დედაქალაქში ულიმიტო სატრანსპორტო აბონემენტი ამოქმედდება. ამის შესახებ თბილისის მერმა დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
კახა კალაძის განცხადებით, მეტროს, ავტობუსისა და მიკროავტობუსის მომხმარებლები 5 იანვრიდან უკვე შეძლებენ ბარათების შეძენას მეტროს სალაროებს და “საქართველოს ბანკის” ექსპრეს-ფილიალებში.
როგორც კალაძემ განმარტა, ბარათები იქნება როგორც ერთდღიანი, ასევე ერთკვირიანი, ერთთვიანი, სამთვიანი, ექვსტიანი და ერთწლიანი:
ულიმიტო, 90-წუთიანი ბარათი, რომელიც 1 ლარი ეღირება – იმ ადამიანებს, რომლებიც ხშირად არ მგზავრობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და არ სჭირდებათ შეღავათიან ფასში ხანგრძლივვადიანი ბარათის შეძენა, 90 წუთის განმავლობაში, ერთ ლარად შეეძლებათ ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა – მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი, სადაც გადაჯდომისას, 90 წუთის განმავლობაში, დამატებით თანხას არ გადაიხდიან;
ულიმიტო, ერთდღიანი ბარათი ეღირება 3 ლარი – ერთდღიანი ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი დღის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მხოლოდ სამ ლარად;
ულიმიტო, ერთკვირიანი ბარათი ეღირება 20 ლარი – ერთკვირიანი ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი კვირის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 20 ლარად. ეს ბარათი ძირითადად, ტურისტებზეა გათვლილი;
ულიმიტო, ერთთვიანი ბარათი, რომლის ღირებულებაც 40 ლარი იქნება – ერთთვიანი ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი თვის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მხოლოდ 40 ლარად. ეს ჩვენი გათვლებით, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბარათი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინაიდან ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე აქტიურ მომხმარებლებს დღეში საშუალოდ, ორი ტიპის ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ, რაშიც ყოველთვიურად 50-60 ლარს იხდიან. აღნიშნული ბარათის მფლობელები კი თვის განმავლობაში, საშუალოდ, 10-დან 20 ლარამდე ეკონომიას გააკეთებენ);
ულიმიტო, სამთვიანი ბარათი ეღირება 100 ლარი – ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის);
ულიმიტო, ექვსთვიანი ბარათი ეღირება 150 ლარი – ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის, ვინაიდან ამ ბარათის მომხმარებლის სატრანსპორტო დანახარჯი თვეში მხოლოდ 25 ლარს შეადგენს;
ულიმიტო, ერთწლიანი ბარათი ეღირება 250 ლარი – ერთწლიანი ბარათის მფლობელს თვეში მხოლოდ 20 ლარად შეეძლება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ულიმიტოდ სარგებლობა”, – განაცხადა თბილისის მერმა.
სააბონემენტე ულიმიტო გადახდის სისტემა ძალაში 1 თებერვლიდან შევა.
სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფისთვის სამგზავრო საშეღავათო პროგრამები ძალაში რჩება
კახა კალაძის განცხადებითვე, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფისთვის სამგზავრო საშეღავათო პროგრამები კვლავ ძალაში რჩება.
კალაძის თქმით, უფასო და შეღავათიანი მგზავრობით მომხმარებელთა რამდენიმე კატეგორია ისარგებლებს.
თბილისის მერის განმარტებით, ულიმიტო გადახდის სისტემა, თანამედროვე სატრანსპორტო სისტემის ჩამოყალიბებასა და ტრანსპორტის მართვის პოლიტიკის ოპტიმიზაციას უწყობს ხელს.
უფასო მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ:
◼ თბილისში რეგისტრირებული უსინათლო პირები, მათი თანმხლები და გამცილებელი პირები;
◼ მოსწავლეები;
◼ უბნის ინსპექტორები და ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები;
◼ თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლები;
◼ თბილისში რეგისტრირებული სამხედრო ძალების ვეტერანები და სხვა.
როგორც კალაძემ განმარტა, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მგზავრობის უფლებით კვლავ ისარგებლებენ სტუდენტები, პენსიონერები და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფები:
◼ შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით/ფასით (0,2 ლარი) მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები და პროფესიული სტუდენტები;
◼ საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები;
◼ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები;
◼ პენსიონერები, თბილისის საკუთრებაში არსებულ პოლიკლინიკებში დასაქმებული უბნის ექიმები, უბნის პედიატრები და ოჯახის ექიმები;
◼ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მანდატურები და სხვა”, – აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით/ფასით (10 თეთრით) მგზავრობის უფლებით ასევე, ისარგებლებენ “სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“”რეგისტრირებული 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე, თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები.