LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ფაქტი ძაღლების ფსიქოლოგიაზე – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

431
დავით-ბოკუჩავა

10 ფაქტი ძაღლების ფსიქოლოგიაზე – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოკონსულტანტმა დავით ბოკუჩავამ ისაუბრა.

რამდენად საჭიროა უკეთ გავიცნოთ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები?

ბოლო ათწლეულის მანძილზე, ჩვენ მეტი გავიგეთ ძაღლების ფსიქოლოგიის შესახებ, ვიდრე მთელი გასული საუკუნის განმავლობაში. გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს ჩვენი ოთხფეხა მეგობრების აზროვნების შესახებ, რომლებიც გამაგრებულია არაერთი მეცნიერული კვლევითა და დაკვირვებით.

  1. ძაღლები არ განიცდიან სირცხვილის გრძნობას

ყველასთვის ცნობილია სიტუაცია, როდესაც ძაღლმა ჩაიდინა რა ,,ცუდი“  საქციელი, რომლითაც პატრონი უკმაყოფილოა, მთელი თავის არსებით ცდილობს გვაჩვენოს, რომ თითქოს ,,ცხვენია“: კუდამოძუებული გვიყურებს დამნაშავე თვალებით, პერიოდულად გვარიდებს მზერას, ყურებჩამოყრილი ცდილობს მოახლოვებას, შეხებას და ა.შ. რა თქმა უნდა, მსგავსი ჟესტიკულაცია გვაფიქრებინებს, რომ ჩვენი ოთხფეხა მეგობარი ათვითცნობიერებს თავის დანაშაულს და ცდილობს ჩვენი პატიების მოპოვებას, თუმცა რეალურად, ძაღლების ენაზე, ასეთი ქცევა ნიშნავს შემდეგს: ,,მოდი არ ვიჩხუბოთ“! ,,შეხედე როგორი პატარა და დაუცველი ვარ“! ასეთი ქცევით ძაღლი ცდილობს დააწყნაროს გაბრაზებული პატრონი და აირიდოს მოსალოდნელი კონფლიქტი. მსგავს ტაქტიკას ძაღლები მიმართავენ იმ შემთხვევებშიც, როდესაც აწყდებიან აგრესიას სხვა ცხოველებისგან.

ძაღლები არ განიცდიან სირცხვილის გრძნობას, რადგან მათი აღქმა ,,ცუდი“–სა და ,,კარგი“–ს შესახებ განსხვავდება ადამიანების ფასეულობათა სისტემისგან. შესაბამისად, ძაღლების დარცხვენისა და დასჯის ნაცვლად აუცილებელია ვასწავლოთ მათ – რა არის პატრონისთვის სწორი და მისაღები!

  1. ძაღლებისთვის აუცილებელია შთაბეჭდილებები

ნებისმიერი ასაკის, ჯიშისა და ზომის ძაღლის სრულყოფილი და ჰარმონიული განვითარებისთვის მას სჭირდება მენტალური, ვიზუალური, ყნოსვითი და შეხებითი შთაბეჭდილებები. სწორედ ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის ბალანსი უზრუნველყოფს ლეკვის სწორ განვითარებას, რაც მომავალში მისი მშვიდი და პროგნოზირებადი ქცევების გარანტიაა. გამოცდილი მეპატრონეები ცდილობენ ადრეული ასაკიდანვე შემოიტანონ ლეკვის ცხოვრებაში ახალი სურნელი და საგნები, რადგან მრავალმხრივად ადაპტირებულ გარემოში გაზრდილი ძაღლი შემდგომში არ დაიწყებს  ახალი შთაბეჭდილებების  დამოუკიდებლად ძიებას, გაქცევას გასეირნების დროს,  ძირსნაყარი საკვების ჭამასა და სახლში ნივთების გაფუჭებას

  1. ძაღლებს ჰყავთ მეგობრები

უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც ზემოქმედებს ძაღლის ცხოვრებაზე – ეს არის შესაძლებლობა იკონტაქტოს სხვა ცხოველებთან. ცხოველებს შორის შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა სახის ურთიერთქმედება – დაწყებული პრინციპით ,,არ მომეკარო“ ან ,,გამარჯობა–ნახვამდის“,  დამთავრებული ნამდვილი მეგობრობით. აღსანიშნავია, რომ ჩვენთვის უცნობია თუ რა კრიტერიუმებით  არჩევენ ძაღლები მეგობრებს; ამასთან, ეს არჩევანი სრულიად არ არის დამოკიდებული ძაღლების ასაკზე, ჯიშსა და ზომაზე; ამასთან, არც ერთ სახლში რამოდენიმე ძაღლის ცხოვრება არ არის გარანტია მათი უპირობა მეგობრობისა.

ძაღლების მეგობრობა გულისხმობს იმას, რომ მათ უხარიათ ერთად დროის გატარება, ისინი ეძებენ ხოლმე ერთმანეთს გასეირნებების დროს; ხშირად ისინი იმახსოვრებენ ერთმანეთის გასეირნებების განრიგს და აქვთ შეხვედრის ადგილებიც კი. დამეგობრებული ძაღლები ენდობიან ერთმანეთს, უნაწილებენ ერთმანეთს სათამაშოებს და კონფლიქტურ სიტუაციებში ერთმანეთს მხარში უდგანან.

  1. ძაღლებს ახასიათებთ ცრურწმენები

ძაღლები შეპყრობილნი არიან სხვადასხვა ნიშნებით; მათ შეუძლიათ სხვადასხვა მოვლენისა და ამ მოვლენებით გამოწვეული შედეგების ერთმანეთთან დაკავშირება. მიზეზ–შედეგობრივი კავშირს ძაღლები განსხვავებულად ამყარებენ; მაგალითად, ექსპერიმენტულად დამტკიცებულია, რომ მათ არ ესმით თუ როგორ მუშაობს გრავიტაცია ან სხვა დაფარული ძალები, რომლებიც ადამიანისთვის სრულებით ბუნებრივი და გასაგებია. სამაგიეროდ ძაღლები ახერხებენ დასახული მიზნების მიღწევას, იმ უმცირესი კოლერაციების ფიქსირებით, რომლებიც მათი ინტერესის სფეროშია ან წარმოადგენენ მათთვის საფრთხეს. ამისთვის ძაღლები ხშირად იყენებენ ცდისა და შეცდომების მეთოდებს.

ხშირად მეპატრონეები საკუთარ ოთხფეხა მეგობრებს მიაწერენ ხოლმე  ფანტასტიკურ თვისებებს – აზრების კითხვასა თუ პატრონის სახლში დაბრუნების თითქმის ტელეპატიურ უნარს; რეალურად კი ძაღლებს მშვენივრად ეხერხებათ დაკვირვება, დამახსოვრება და შედეგად მოვლენათა პროგნოზირება. შესაბამისად, ძაღლების ფსიქოლოგიური კომფორტისთვის მიზანშეწონილია მათთვის მაქსიმალურად პროგნოზირებადი სამყაროს შექმნა, რომელიც მოიცავს მუდმივ დღის რეჟიმს, მეპატრონის ერთნაირ რეაქციებსა და ყოველდღიურ განმეორებად მცირე რიტუალებს.

  1. ძაღლებს არ შეუძლიათ შურისძიება

რა თქმა უნდა, ნდობა იმ არსებისა, რომელიც ყოველგვარი მორიდების გარეშე გლეჯს თქვენს მიერ სიყვარულით შერჩეულ შპალერს, შეიძლება შეირყეს. მეპატრონეები განიცდიან იმედგაცრუებას, როდესაც მათი ძაღლები აფუჭებენ ნივთებს, და  ხედავენ ასეთ ქცევაში ბოროტ განზრახვებს; მართლაც, ხშირად ისე ჩანს, რომ ძაღლმა სპეციალურად დაგეგმა მავნებლური ქცევა, რათა შური იძიოს პატრონზე, თუმცა რეალობა გაცილებით მარტივია: მსგავსი მავნებლობები ხშირად აიხსნება მოწყენილობით, მარტოობის შიშით და იმითაც, რომ ძაღლები ვერ ათვითცნობიერებენ თუნდაც შპალერის ფასეულობასა და მნიშვნელობას. ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად არ არის აუცილებელი რთული ფსიქოლოგიური დაპირისპირება; საკმარისია მნიშვნელოვანი ნივთების მისგან გადამალვა და ლეგალური გასართობების შეთავაზება, თუნდაც დროის იმ მონაკვეთისთვის, როდესაც ჩვენ არ გვცალია ან გასული ვართ სახლიდან. რაც შეეხება სახლში მოსაქმებას, ეს პრობლემა ხშირად დაკავშირებულია ჯანმრთელობის საკითხებთან, მცირე ასაკთან ან გასეირნებების სიმცირესთან.

  1. ძაღლებს შესწევთ უნარი დამოუკიდებლად გაართვან თავი დარდსა და შფოთვებს

ძაღლებს აქვთ მშვენიერი თანდაყოლილი უნარი კრიზისულ სიტუაციებში დაიმშვიდონ თავი და დააწყნარონ გარშემომყოფნი. ამ მიზნით მათთვის აუცილებელია რაიმე ნივთის დაღეჭვა, დაგლეჯა ან დაღრღნა, რადგან ყბის ძვლების მუშაობით მათში სტიმულირდება ე.წ. ცდომილი (ვაგუსის) ნერვის დაბოლოებები, რითაც მათ ორგანიზმში გამოიყოფა ბუნებრივი, დამამშვიდებელი ქიმიური ნივთიერება. ამავე კონტექსტში, ძაღლები ხედავენ რა გარშემომყოფთა აღელვებას ან მოსალოდნელ კონფლიქტურ სიტუაციას, იწყებენ მთქნარებას ან ცდილობენ დააშორიშორონ დაპირისპირებული მხარეები. მეპატრონეები ხშირად ასეთ ქცევას ეჭვიანობას მიაწერენ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ძაღლებს შეუძლიათ ნებისმიერი სიახლოვე დაპირისპირებად მიიღონ.

  1. ძაღლებისთვის უმნიშვნელოვანესია უსაფრთხოება

უსაფრთხოების (დაცულობის) მოთხოვნილება ერთ–ერთი საბაზისოა ძაღლებისთვის. ამ მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობას მივყავართ პრობლემურ ქცევებთან; ძაღლი აგრესიული ხდება, რადგან ის იძულებულია თავი დაიცვას, მცირდება მათი კოგნიტური უნარებიც; ხშირად შფოთავენ, ხდებიან ჩაკეტილნი და უინიციატივონი. სხვადასხვა  სიტუაციებში ძაღლების პულსის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოკვლევები ადასტურებს, რომ ისინი ღელვას იწყებენ მათი მიმართულებით აჩქარებული ნაბიჯით სიარულის დროსაც კი. მათთვის მისაღები, მეგობრული მიახლოვება გულისხმობს ფართო რკალისებური ტრაექტორიის დაცვას.

  1. ძაღლები ემპათიურები არიან

ძაღლებს შესწევთ არამხოლოდ რთული ურთიერთდამოკიდებულებების უნარი, არამედ შეუძლიათ სხვათა ემოციების გაგება და ემპათიის გამოვლენა. განსაკუთრებით რეაგირებენ თვისტომთა ტკივილსა და შიშზე. ხშირად ისინი გარბიან, როდესაც ხედავენ თუ როგორ უხეშად ეპყრობიან ან სჯიან ადამიანები სხვა ძაღლებს. ყველა სხვა ცხოველთან შედარებით, ძაღლები არიან აბსოლუტური ჩემპიონები სხეულის ენისა და ადამიანური ემოციების გაგების კუთხით. ყველას გვსმენია ფრაზა – ძაღლები გრძნობენ შიშს; რეალურად მათი ჰიპერმგრძნობიარე ცხვირი გრძნობს იმ ადრენალინს, რომელსაც გამოყოფს ადამიანის სხეული.

  1. თუ ძაღლი იღრინება, ეს ყოველთვის ცუდს არ ნიშნავს

ძაღლები იყენებენ სხვადასხვა ხმებს კომუნიკაციისას: ყეფენ, წკმუტუნებენ, ფრუტუნებენ, ყმუიან, ბზუიან, ხვნეშიან და იღრინებიან. რაც შეეხება ამ უკანასკნელს, ღრენით ძაღლი გვანიშნებს, რომ წარმოქმნილი სიტუაცია მისთვის უსიამოვნოა, რაც სრულებით არ ნიშნავს უხეშობასა და აგრესიას. ამ შეცდომას ადამიანები ხშირად უშვებენ და ეჩხუბებიან ან სჯიან საკუთარ ძაღლებს, რათა მიანიშნონ ვინ არის მთავარი; თუმცა, ჯერ კიდევ 20 წლის წინ მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ურთიერთობა ძაღლსა და ადამიანს შორის – ეს არ არის იერარქიული კიბე, სადაც თითოეული მათგანი ცდილობს დაიკავოს უმაღლესი ადგილი.

ღრენის დროს ძაღლი უბრალოდ დისტანციის გაზრდას გვთხოვს ან იცავს საკუთარ ნივთებს (ძირითადად სათამაშოებს). ხშირად მსგავსი ფორმით კომუნიკაცია პირიქით დახმარების მოთხოვნას გულისხმობს, რადგან შესაძლებელია ძაღლი ამ დროს თავს  დაუცველად გრძნობდეს ან რაიმე ფიზიკურად აწუხებდეს.

  1. ჩვენ ძაღლებს ვგავართ, თუმცა ამავე დროს ძალიან განვსხვავდებით

ფიზიოლოგიური მსგავსება ადამიანებსა და ძაღლებს შორის აშკარაა. ჩვენ ერთნაირად ვგრძნობთ საჭმლის გემოს, ტკივილს, სიცხეს, სიცივეს; ერთმანეთის მსგავსად აღვიქვამთ გარემოს და ა.შ. ძირითადი განსხვავება – ეხება ფასეულობებს. არასწორი ინტერპრეტირებებისა და უხეში შეცდომების თავიდან ასაცილებლად მიზანშეწონილია ძაღლების შესწავლა, მათზე მიუკერძოებელი დაკვირვება, მათი მოთხოვნილებებისა და განზრახვების გაგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები