“ამ მიღწევებზე საუბარი იყო ევროსაბჭოს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშიც.” – საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, იუსტიციის მინისტრმა პენიტენციურ სისტემაში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა.
გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, არასერიოზული იქნება იმის მოლოდინი და მტკიცება, რომ სისტემა უსასრულოდ შეძლებდა ისეთი ვირუსის შეჩერებას, რომელმაც მსოფლიო მოიცვა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მომზადებული, რომ სისტემაში ინფიცირების ყველა შემთხვევა იმართოს:
“ეს რომ არ ყოფილიყო, რთული წარმოსადგენია, რა შედეგები გვექნებოდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეისათვის ვირუსი კონტროლს სრულად ექვემდებარება. გამომდინარე ახალი ეტაპიდან, როგორც კი პირველი სიმპტომი გამოვლინდა, ჩვენ დავიწყეთ ყველა დაწესებულებაში ტესტირება, ინფიცირებულების გამოვლენა და იზოლირება. ამას სისტემური ხასიათი აქვს და ახლაც გრძელდება.
პისიარ ტესტირება 4 დაწესებულებაშია ჩატარებული. ეს არის არასრულწლოვანთა, ქალთა, ბათუმის და გეგუთის დაწესებულებები. ქალთა პენიტენციური განყოფილების გარდა, ვირუსის შემთხვევები არსად არ დაფიქსირებულა.” – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
ის გამოეხმაურა გეგუთის დაწესებულებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასაც, რომ გეგუთი დაიცალა და ეპიდემია მძვინვარებს.
“გეგუთში 763 ტესტიდან ყველა არის უარყოფითი. ეს მაგალითი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ არ შეიძლება გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება, მით უმეტეს ისეთ მგრძნობიარე თემებზე, როგორიცაა პენიტენციური სისტემა და რამაც შესაძლებელია განსაკუთრებით პატიმრების და მათი ოჯახების შეშფოთება გამოიწვიოს.” – თქვა იუსტიციის მინისტრმა.