საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) თანამშრომლობით, მეწარმე ქალთა საფინანსო კოდექსის – WE Finance Code-ისადმი მიძღვნილ სემინარს უმასპინძლა.
კოდექსის მიზანი გენდერული ნიშნით მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) მონაცემთა შეგროვების მხარდაჭერა და მისი გამოყენების ხელშეწყობაა იმგვარი პოლიტიკის შესაქმნელად, რომელიც როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს საშუალებას მისცემს გაზარდონ საკუთარი ბიზნესი და წვლილი შეიტანონ ეკონომიკასა და საზოგადოებაში.
სემინარს, სახელწოდებით „მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზის გამოყენება ქალი მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომის გასაუმჯობესებლად“, საფინანსო სექტორის, საჯარო დაწესებულებებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება მიზნად ისახავდა ხაზი გაესვა სქესის მიხედვით ჩაშლილი მონაცემების მნიშვნელობას ქალების მფლობელობაში მყოფი და მათი ხელმძღვანელობით მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის პროდუქტებისა და სერვისების შემუშავებაში, ასევე წარედგინა ახალი SME/WSME Dashboard.