ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარიან ეზუგბაიას განცხადებით, ინფიცირების 13 ახალი შემთხვევიდან 2 იმპორტირებულია, 5-ს ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი, 2 ახალი შემთხვევა გაჩიანის წყაროდანაა, სამის წყაროს დასადგენად კი ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
მარინა ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა კლინიკებში 196 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 30 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
“ჩვენი ცენტრის მონაცემი ასეთია: გუშინ გვყავდა 28 დადასტურებული შემთხვევა, არავინ არ გამოჯანმრთელებულა. დაგვემატა 2 ახალი შემთხვევა და გვყავს 30 დადასტურებული შემთხვევა. ამ 2 ახალი შემთხვევიდან 1 იმპორტირებულია, ერთი კი გაჩიანის წყაროდანაა. ორივეს მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. 2 მძიმე პაციენტია, თუმცა მათთან სტაბილიზაცია მიღწეულია, მესამე დღეა დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა, ალბათ, ასეც გაგრძელდება”, – აცხადებს ეზუგბაია.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 12-ით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 4-ით გაიზარდა.