ამ დღეებში, ლოს-ანჯელესში, Ulta Beauty-ს 1400-ზე მეტ მაღაზიაში ბიონსეს თმის მოვლის საშუალებების ბრენდის, Cécred პროდუქციის გაყიდვები დაიწყო. ამ მოვლენის აღსანიშნად ვესტვუდის რაიონში მდებარე ,,ულტრა ბიუთის” ფილიალში სპეციალური შეხვედრა გაიმართა.
დახურულ საღამოზე ყველასთვის მოულოდნელად, ლეიბლის მფლობელიც გამოჩნდა. ბიონსე ღონისძიებაზე გაუფრთხილებლად მივიდა, რითაც სტუმრები შოკში ჩააგდო და სოციალური ქსელებიც აალაპარაკა.
მან ბრენდის ბოლო მიღწევებზე ისაუბრა და სიახლე დამსწრეებთან ერთად იზეიმა.
ბიონსეს საღამოზე თეთრი პიჯაკ-კაბა და პერანგი ეცვა. ანსამბლს ვარსკვლავმა ჰალსტუხი შეუახამა, რაც ხაზს უსვამდა მის, როგორც ბიზნეს-ლედის როლს.
ის ღონისძიებაზე დედის, ტინა ნოულზისა და უფროსი ქალიშვილის, ბლუ აივ კარტერის თანხლებით მივიდა.
შეგახსენებთ, რომ ბიონსემ თმის მოვლის საშუალებების ბრენდი – Cécred, 2024 წლის თებერვალში დააარსა. ბიონსესთვის ეს ბრენდი ძალიან პერსონალურია. ის შთაგონებულია დედის, ტინა ნოულზის თმის სალონით. როგორც ცნობილია, ბრენდი თანამშრომლობს ბიონსეს საქველმოქმედო ფონდთან – BeyGOOD. ისინი ყოველწლიურად $500,000-ს გამოყოფენ კოსმეტოლოგიის სტუდენტების სტიპენდიებისა და თმის სალონების მფლობელთა გრანტებისთვის.