უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 სექტემბრიდან, საქართველოში შემომსვლელ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, კერძოდ იმ ქვეყნების მოქალაქეებსა და რეზიდენტებს, რომლებთანაც მოქმედებს ნაცვალგების პრინციპი, მოეთხოვებათ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის პასუხის წარმოდგენა.
როგორც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, ეს აუცილებელია, მოქალაქეებისა და სტუმრების ჯანმრთელობის დასაცავად და იმისთვის, რომ უფრო ეფექტურად მოხდეს ვირუსის გავრცელების მართვა.
„ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, ჩვენს კოლეგებთან და პარტნიორებთან ერთად, დავაზღვიოთ ჩვენი მოქალაქეების და მათ შორის, ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობა და უფრო ეფექტურად ვმართოთ ვირუსის გავრცელება. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ეს ეხება ნაცვალგების პრინციპით, იმ ქვეყნებს, რომლებსაც არანაირი შეზღუდვა არ ჰქონდათ. მათ დაუწესდებათ მოთხოვნა ჩვენი მხრიდან, მხოლოდ 15 სექტემბრიდან, რადგან ადამიანებს, რომლებსაც უკვე ბილეთი აქვთ შეძენილი და მოემგზავრებიან საქართველოში, მათ რომ არ შევუქმნათ დამატებითი დისკომფორტი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.